საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა 30 მაისის განახლებულ შეფასებაში, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე, ხოლო პერსპექტივა "ნეგატიურზე" შეუნარჩუნა.

პერსპექტივის გადახედვის ძირითად ფაქტორებს შორის მკვეთრად გაზრდილი პოლიტიკური რისკი სახელდება; კერძოდ, საქართველოში, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაცია. Fitch-ის ანალიტიკოსების აზრით,  პოლიტიკურმა დაძაბულობამ ასევე შეიძლება შეაფერხოს ან გაართულოს ისეთი რეფორმები, როგორიცაა საქართველოს ეროვნული ბანკის  დამოუკიდებლობის გაძლიერება კანონმდებლობის მეშვეობით ან სახელმწიფო საწარმოების რეფორმა. ნაკლებია მოლოდინი იმისა, რომ საქართველოში IMF-ის პროგრამა აღდგება, რაც შეასუსტებს საქართველოს მცირე, ღია და დოლარიზებული ეკონომიკის შესაძლებლობებს გარე შოკებზე ეფექტიანად რეაგირებისთვის.

სებ-ის პრეზიდენტის ნათია თურნავას თქმით, ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა 124,5 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, თუმცა Fitch-ის ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მომავალში ეროვნულ ბანკს შესაძლოა უცხოური ვალუტის გაყიდვა მოუწიოს.

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სარეიტინგო სააგენტო ამ ინფორმაციას აქვეყნებს იმის ფონზე, როცა რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ განაცხადა, რომ „საზოგადოების ნდობა ლარის მიმართ მზარდია“ და ქვეყანაში ფისკალური კონსოლიდაციის ხარისხი ძალიან მაღალია.

„ჯეოქეისის" მრჩევლის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნიკოლოზ ალავიძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი არ დააქვეითა, რაც რეალური მოლოდინი იყო, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს ანგარიშში გაჩნდა რამდენიმე მკაფიო და მწვავე გზავნილი, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკური კრიზისით დაწყებული, ლარიზაციის  დონის „გადამლაშებით"“ დამთავრებული, კარგად ასახავს იმ სურათს, რის წინაშეც დღეს საქართველოს ეკონომიკა დგას. ალავიძე "კომერსანტთან" ამბობს, რომ ეროვნული ვალუტა ხელოვნური ფაქტორების ზემოქმედებით მყარდება; ხელისუფლება ლარის დასტაბილურებას სავალუტო რეზერვების ხარჯზე ცდილობს და არა ეკონომიკური აქტიურობით, რაც მოკლევადიან პერსპექტივაში ბიზნესს გარემოს დიდ პრობლემად ექცევა.

„Fitch-ის ანგარიში, რა თქმა უნდა, რეალობასთან ახლოს არის. საბედნიეროდ, საქართველოს საკრედიტო რეიტინგი არ დააქვეითეს, რისი  ლეგიტიმური მოლოდინიც არსებობდა, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი და მკაფიო გზავნილები ჰქონდათ.

Fitch-ის მიმოხილვები ხელისუფლებისთვის არ მზადდება, ის საერთაშორისო ინვესტორებისთვის კეთდება, რომლებიც გადაწყვეტილებებს თავისი ინტერესებისგან გამომდინარე იღებენ.  ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია მძიმეა, ასევე აღნიშნულია, რომ სუსტია კანონის უზენაესობა, ინსტიტუციური მმართველობა და მაღალია ესკალაციის დონე. მეორე ნაწილში საუბარია სების მონეტარულ პოლიტიკაზე, რომლის გავლენითაც ლარიზაციის პროცესი ძალიან აქტიური გახდა. ლარიზაცია, როგორც მოვლენა ცუდი არ არის და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ეროვნული ვალუტა ძლიერი იყოს, თუმცა ახლა ყველაფერი გადამლაშებით ხდება. ლარი ხელოვნური ფაქტორების ზემოქმედებით მყარდება, რეზერვების ხარჯზე და არა ეკონომიკური აქტიურობით. სტატისტიკა გვეუბნება, რომ უმუშევრობის დონე მცირდება, თუმცა დოვლათი არ იქმნება. უმუშევრობის დონე მცირდება იმის ხარჯზე, რომ ბიუროკრატიაში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება.

ლარიზაციის ასეთი დაჩქარებული პოლიტიკამ უნდა დაგაფიქროს, რამდენად გაძვირდება საკრედიტო რესურსის მოძიება. შესაძლოა, ეროვნული  ბანკი ამბობდეს, რომ ეს ფიზიკური პირების დაკრედიტებას ეხება, მაგრამ სინამდვილეში, პირდაპირ უკავშირდება ბიზნესს დაკრედიტებას. საქართველოში, ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური დოვლათის შემქმნელი და დამსაქმებელი უძრავი ქონებაა, სადაც ახლა არაჯანსაღი მდგომარეობა გვაქვს, რაც პირველ რიგში, გულისხმობს არასწორ და გაუაზრებელ ნებართვებს მშენებლობაზე. გარდა ამისა, უძრავ ქონებაზე გავლენას მოახდენს სების ახალი შეზღუდვებიც: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 750 000 ლარამდე სესხის აღებას მხოლოდ ლარში შეძლებენ.

თუ მომხმარებელი უძრავ ქონებას საკრედიტო რესურსით ყიდულობდა და ეს თანხა უცხოურ ვალუტაში იყო, რისი აზრიც ის იყო, რომ მეტ-ნაკლებად იყო უძრავი ქონების ღირებულება. ახლა უძრავი ქონების მსურველს უფრო მეტის გადახდა მოუწევს, რასაც 15-16%-იანი სესხიც დაემატება ეფექტური განაკვეთით კი 17%-მდეც ავა, რაც ძალიან მაღალია”,- აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.