საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქართული ეროვნული ვალუტის — ლარის (₾) ოფიციალური სიმბოლოს დამტკიცებიდან დღეს 12 წელი შესრულდა.
როგორც ეროვნული ბანკი სოციალურ ქსელში წერს, 2014 წლის 7 ივლისს ეროვნული ბანკის საბჭომ ლარის სიმბოლო ოფიციალურად დაამტკიცა. მისი კონცეფციის ავტორი მხატვარ-კერამიკოსი მალხაზ შველიძეა, ხოლო დიზაინი ქართულ ანბანს ეფუძნება.
„₾ — ეს იმ ქვეყნის სიმბოლოა, რომელმაც თავისუფლების ფასი იცის“, — აღნიშნულია ეროვნული ბანკის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლარის ისტორია
ლარი საქართველოს ეროვნული ვალუტაა, რომელიც მიმოქცევაში 1995 წლის 2 ოქტომბერს შევიდა და დროებითი ვალუტა — კუპონი ჩაანაცვლა. ახალი ეროვნული ფულის შემოღება დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკური სტაბილიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპად მიიჩნევა.
ვალუტის სახელწოდება „ლარი“ ძველი ქართული სიტყვიდან მომდინარეობს და ზოგადად ქონებასა და საგანძურს ნიშნავს, ხოლო მისი მეასედი ერთეული — „თეთრი“ — შუა საუკუნეების ქართული მონეტების სახელწოდებას უკავშირდება.
ლარის გრაფიკული სიმბოლო კი თითქმის ორი ათეული წლის შემდეგ, 2014 წელს დამტკიცდა. ეროვნული ბანკის განმარტებით, მისი დიზაინი ქართული დამწერლობის საფუძველზეა შექმნილი და ქვეყნის იდენტობისა და ეროვნული ვალუტის საერთაშორისო აღქმის გაძლიერებას ემსახურება.