“დაზღვევის კავშირის” ხელმძღვანელი ლაშა ნიკოლაძე საქართველოში კერძო საპენსიო დაზღვევის ბაზარს „ეფემერულს“ უწოდებს და BMG-სთან აცხადებს, რომ არსებული ეკონომიკური რეალობისა და სახელმწიფო მონოპოლიის პირობებში, კერძო საპენსიო ფონდების განვითარების რესურსი პრაქტიკულად, არ არსებობს.
მისი თქმით, მაშინ როდესაც სახელმწიფო საპენსიო ფონდის აქტივები 6 მილიარდ ლარს აჭარბებს, სადაზღვევო კომპანიების წილი ამ სეგმენტში უმნიშვნელოა.
„2024 წლის შედეგებით, არასახელმწიფო საპენსიო ფონდი 6 მილიარდს ასცდა, სადაზღვევო კომპანიებს კი სულ 6 მილიონი აქვთ. საერთოდ კერძო სადაზღვევოებისთვის ეს თემა, ზღვაში წვეთიც არ არის. რაც უნდა შეცვლილიყო ახალ კანონში, ეს გადამწყვეტი ვერ იქნება“, - ამბობს ლაშა ნიკოლაძე.
"დაზღვევის კავშირის" ხელმძღვანელი რამდენიმე ძირითად მიზეზს ასახელებს, რის გამოც მოქალაქეები კერძო დაგროვებითი სისტემით არ დაინტერესდებიან. მთავარ დაბრკოლებად ის მოსახლეობის დაბალ მსყიდველუნარიანობას და სახელმწიფოს მიერ უკვე დანერგილ სავალდებულო სისტემას მიიჩნევს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობას საკვები კალათის დაფინანსება უჭირს. გრძელვადიანი დაბანდება კი, მათი პრიორიტეტების სიაში შეიძლება, 50-ე ადგილზე იყოს. გარდა ამისა, სახელმწიფო უკვე ართმევს მოქალაქეს „2+2+2“ სქემით და ამ პირობებში მეტი დაგროვების რესურსი აღარ არსებობს“, - განმარტავს ლაშა ნიკოლაძე.
მისივე თქმით, სექტორს აფერხებს საინვესტიციო ინსტრუმენტების არარსებობაც.
„ინსტრუმენტი არ არსებობს. სადაზღვევოებს რომ მისცეთ ფული, სად წაიღონ? ისევ ბანკში უნდა მიიტანონ დეპოზიტზე? ეს აბსურდია. ფასიანი ქაღალდების ბირჟა არ არის, არანაირი საინვესტიციო გარემო არ არის“.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით გარკვეული შეღავათები წესდება (მაგალითად, წლიურად 6000 ლარამდე შენატანის გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადისგან), ნიკოლაძე მიიჩნევს, რომ ეს ბაზარს ვერ გამოაცოცხლებს.
ნებაყოფლობითი კერძო პენსია მოიცავს მესამე სვეტის დაგროვებით პენსიებს. ნებაყოფლობითი კერძო პენსიის განვითარებისა და დისტრიბუციის საკითხს ითვალისწინებს 2023 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის“ შესახებ ახალი კანონი, თანმდევი ცვლილებების პაკეტით, რომელიც მომზადდა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ექსპერტებთან ერთად. კერძო საპენსიო პროდუქტების განვითარების საკითხი ასევე გათვალისწინებულია საქართველოს 2023-2028 წლების კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებშიც.
სადაზღვევოებს აქტივების მმართველ კომპანიებთან ერთად, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ კანონით, შეუძლიათ ინდივიდუალური საპენსიო სქემის დაფუძნება და რეგისტრაცია. ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ ახალი კანონი, სრულად ძალაში 2025 წლიდან შევიდა.