ივნისში, საბანკო სექტორის სადეპოზიტო ვალდებულებები წლიურად, 5.9 მლრდ ლარით, 10.8%-ით გაიზარდა
(გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით კი 11.6%-ით გაიზარდა) და 60.8 მლრდ ლარი შეადგინა. თვის ჭრილში
კი 1.8 მლრდ ლარით გაიზარდა – ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის 2025 წლის აგვისტოს „თვის მიმოხილვაში“.

წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტის სადეპოზიტო ვალდებულებები 1.6 მლრდ ლარით (5.4%-ით) გაიზარდა და 30.6 მლრდ ლარი შეადგინა. აღნიშნული ზრდა, იურიდიული პირების დეპოზიტების მატებამ (540.0 მლნ ლარით) განაპირობა. რაც შეეხება, უცხოური ვალუტის დეპოზიტებს, წინა თვესთან შედარებით, 0.3 მლრდ ლარის ზრდა დააფიქსირა.

ივნისში, დეპოზიტების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები (მთავრობის დეპოზიტებზე არსებული საპროცენტო განაკვეთების გარეშე), წინა თვესთან შედარებით 0.2 პპ-ით გაიზარდა და 6.0%-ს გაუტოლდა.

ეროვნული ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე, საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი უცვლელად შენარჩუნდა 7.5%-ზე. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით, 1.9%-მდე შემცირდა. რეზიდენტების ლარის ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით შემცირდა და 11.1% შეადგინა. შემცირდა როგორც დოლარის, ისე ევროს ვადიანი განაკვეთები. კერძოდ, დოლარის შემთხვევაში 0.3 პპ- ით 2.6%-მდე, ხოლო ევროს - 0.1 პპ-ით, 1.4%-მდე.