სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მაისში საქართველოში წლიური ინფლაცია 5.7%-მდე შემცირდა. „კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ განაცხადა, რომ ინფლაციის შემცირება არ ნიშნავს ფასების კლებას.
მისი თქმით, ფასები ახლა მაინც იზრდება, თუმცა შედარებით ნელი ტემპით.
„ის, რომ სურსათის ჯგუფში ინფლაცია მცირდება ერთი შეხედვით დადებით ტენდენციად ჩანს, თუმცა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინფლაციის შემცირებაზე ეს არ ნიშნავს, რომ ფასები მცირდება, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტების ფასები უფრო ნაკლები პროცენტით გაიზარდა, ვიდრე ადრე ხდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფასების ზრდის ტემპი შემცირდა.
თუ სურსათის ჯგუფს პროდუქტების მიხედვით ჩავყვებით ვნახავთ, რომ ხორცპროდუქტებზე ფასების 10 პროცენტიანი ზრდა გვაქვს, ასევე დაახლოებით 10 პროცენტიანი ზრდა გვაქვს პურსა და პურპროდუქტებზე. შესაბამისად, იმ ძირითად პროდუქტებზე, რომლებიც ყველაზე მეტად მოხმარებადი და მოთხოვნადია ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებელი გვაქვს. სამაგიეროდ ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე გვაქვს ფასების 7 პროცენტიანი შემცირება, რამაც შესაბამისად სურსათის ჯგუფში ინფლაციის შემცირებაზეც იმოქმედა. ამასთან, ინფლაციის შემცირებაზე გარკვეული ეფექტი მოახდინა იმანაც, რომ პროდუქტებმა ფასდაკლებებით გადაინაცვლა თაროზე“, - განაცხადა ირაკლი მაკალათიამ.