ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) პროგრამის ქონა მთავრობის თვითმიზანს არ წარმოადგენს. კაკაურიძის თქმით, IMF-ი მთავრობისთვის არც ვალის კომპონენტში არ არის ამჟამად აქტუალური, რადგანაც პანდემიის პერიოდის გამოკლებით სავალუტო ფონდის სხვა პროგრამები მთავრობის მიერ ახალი ვალის აღებაზე ორიენტირებული არ იყო. თუმცა, ამასთან კაკაურიძე ამბობს, რომ მთავრობა არ გამორიცხავს IMF-თან ახალი პროგრამის დაწყებას, თუკი მოხდება პროგრამით მხარდაჭერილი რეფორმების თაობაზე შეჯერება.
გიორგი კაკაურიძემ bm.ge-სთან კომიტეტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობას აპრილსა და შემდგომ ზაფხულში მოლაპარაკებები ექნება ფონდთან. კაკაურიძე ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობამ შეასრულა IMF-ის წინა პროგრამის ძირითადი მიზნები, რაც სახელმწიფო დეფიციტის და ვალის ნიშნულის შემცირებას მოიცავდა.
"IMF-თან პროგრამის ქონა ჩვენი თვითმიზანი არ არის. ჩვენ გვქონდა ამ საკითხზე კომუნიკაცია და კიდევ გვექნება კომუნიკაცია აპრილში გაიმართება შეხვედრა სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის და ჩვენ უნდა შევთანხმდეთ გარკვეულ რეფორმებზე, არ გვჭირდება ვალი IMF-სგან, თუკი არ ავიღებთ პანდემიის პერიოდს, სხვა პროგრამები გვქონდა ვალის გარეშე და ყველა კომპონენტის შესრულების მიუხედავად ჩვენ სესხს არ ვიღებდით სავალუტო ფონდისგან. მსგავსი პროგრამა ჩვენ მომავალშიც შეიძლება გვქონდეს უბრალოდ, ალბათ წლევანდელი წელი უნდა გამოვიყენოთ რათა კონკრეტულ პროგრამაზე შევთანხმდეთ ვინაიდან რა რეფორმებიც წინა პროგრამაში იყო გაწერილი ფისკალურ ნაწილში და მაკროეკონომიკური მმართველობის ნაწილში დიდწილად ეს პროგრამები შესრულებულია.
მთავარი ამოცანები რაც იყო წინა პროგრამაში, ბიუჯეტის დეფიციტის და ვალის შემცირება ალბათ მონაცემები ყველასთვის ნათელია, რადგან გაცილებით უფრო სწრაფი ტემპებით მოხდა დეფიციტის შემცირება, ვიდრე ეს პროგრამაში იყო გათვალისწინებული.
ალბათ თუ დავიწყებთ იქნება ახალი პროგრამა, რადგანაც იმ პროგრამის მიზნები მიღწეულია და შესაბამისად იმ პროგრამის გაგრძელებას არ ვფიქრობ რომ დიდი შინაარსი ჰქონდეს.
ჩვენ როგორც ყოველთვის გვაქვს ჩვენი რეფორმები, რომლებზეც არის ეს პროგრამები დაშენებული. შესაბამისად, გავაანალიზებთ შევადგენთ იმ რეფორმების სიას, რომლებიც სავალუტო ფონდთან არის კავშირში, მათთან ერთად კონსულტაციას გავივლით რომელი რეფორმა რა მიმართულებით უნდა წავიდეს და ამის შემდეგ უნდა მოხდეს საბოლოოდ პროგრამაზე შეთანხმება.
მე ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან მზაობა არის და სწორედ საკითხია რომ მოხდეს რეფორმების შეთანხმება. ზაფხულში როდესაც ჩამოვა მეოთხე მიმოხილვა, ის გამოავლენს სწორედ იმას რაზეც მომავალი პროგრამა შეიძლება იყოს ორიენტირებული,"- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ bm.ge-სთან.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო მისია საქართველოში 2025 წლის 29 იანვარს ჩამოვიდა. შეხვედრები 4 თებერვლამდე გაგრძელდა. პრესრელიზი ფონდის თანამშრომლების საქართველოში ვიზიტამდე მივიღეთ, სადაც აღნიშნული იყო, რომ ფონდის თანამშრომლები შეხვედრებს გამართავდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. ამ შეხვედრების მიზანი ქვეყნის მაკროეკონომიკური პერსპექტივების შეფასება და მთავრობის ეკონომიკური გეგმების განხილვა იყო. ფონდის მიერ, ვიზიტამდე გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმით ეწერა, რომ ეს ვიზიტი IMF-ის პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ ითვალისწინებდა.
IMF-ის $280–მილიონიანი პროგრამის შეჩერების შესახებ 2023 წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. ფონდის პროგრამის მიმდინარეობა ეკონომიკურ რეფორმებზე და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იყო მიბმული, რაც საქართველოს 36 თვის ვადაში უნდა განეხორციელებინა. პროგრამის პირველი ორი მიმოხილვა წარმატებით დამტკიცდა, თუმცა 2023 წლის თებერვალში პარლამენტში ინიციირებული ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტი პროგრამას გარკვეული რისკის ქვეშ აყენებდა. კანონპროექტი 9 წევრისგან შემდგარ ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებდა, რასთან დაკავშირებითაც თავად ეროვნული ბანკი იმ პერიოდისთვის და ასევე IMF კრიტიკული პოზიციას აფიქსირებდნენ. კანონპროექტს 23 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. იმ დროს პარლამენტმა ვეტოს დაძლევისგან თავი შეიკავა.
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა პრობლემური იყო იმის გამო, რომ IMF-თან არსებული მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ნაკისრი ვალდებულება არ განახორციელოს პროგრამასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებები IMF-თან კონსულტაციების გარეშე, ხოლო ეროვნული ბანკის მენეჯმენტის შესახებ კანონმდებლობაში ჩანაწერი სწორედ ასე – IMF-ის მოსმენის გარეშე შეიცვალა.
2023 წლის მაისში ჯერ კიდევ არსებობდა მოლოდინი, რომ პარლამენტი ვეტო დადებულ კანონს აღარ მიუბრუნდებოდა, შედეგად, პროგრამის მეორე მიმოხილვა დასამტკიცებლად IMF-ის დირექტორთა საბჭოზე წარდგებოდა. თუმცა, 2023 წლის 13 ივნისს, პარლამენტმა ვეტო დაძლია, 22 ივნისს კი ნათია თურნავა ახალი კანონის შესაბამისად სებ-ის პირველ ვიცე-პრეზიდენტად და შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აირჩიეს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში, მაშინ ჯერ კიდევ სებ–ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამაც.
კიდევ ერთი საკითხი სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებული რეფორმა იყო. ფონდი მიიჩნევდა, რომ კანონპროექტში ასახული უნდა ყოფილიყო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელსაც ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებული სტრატეგია ითვალისწინებდა – ფონდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო 3 საკითხი. ფონდი ცენტრალურ მნიშვნელობას ანიჭებდა სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის გადაცემას და ამ უწყების მიერ სახელმწიფო ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგს. მეორე და მესამე საკითხი სახელმწიფო საწარმოების კერძო სექტორთან კონკურენციას ეხებოდა. ფონდს მიაჩნდა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო საწარმოების ფუნქციები უნდა შეზღუდულიყო.