• ინვესტიცია საქართველოს უმსხვილეს ბანკში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას და კლიმატის ცვლილების შემარბილებელი პროექტების დაფინანსებას ისახავს მიზნად
  • დაფინანსების ნახევარი განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესის ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის ხელშემწყობი პროექტებისთვის

 

თბილისი, საქართველო, 1  აგვისტო, 2024 – IFC-მ 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა თიბისი ბანკში მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ქვეყანაში კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებების დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით.

მსოფლიო ბანკის ჯგუფის 2023 წლის საწარმოთა კვლევის მიხედვით, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მცირე ბიზნესისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. IFC-ის მხარდაჭერა თიბისი ბანკისთვის მიზნად ისახავს ამ გამოწვევის გადაჭრის ხელშეწყობას. დაფინანსება გამიზნულია თიბისი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის კლიენტებზე. თანხის ნახევარი მიმართულია განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურ პროექტებზე. მოსალოდნელია, რომ ეს უკანასკნელი ხელს შეუწყობს წელიწადში 30,000 ტონა ნახშირორჟანგის ექვივალენტის თავიდან აცილებას 2028 წლისთვის.

IFC-ის დაფინანსება დაეხმარება თიბისი ბანკს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების პორტფელის და კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ზომების შემდგომ განვითარებაში. გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში კლიმატის დაფინანსების ბაზრის გაძლიერებას მდგრადი დაკრედიტების საუკეთესო პრაქტიკის პოპულარიზაციის გზით.

„აღნიშნული ტრანზაქციის ხელმოწერა უმნიშვნელოვანესი ეტაპია IFC-თან თანამშრომლობაში და ასახავს ჩვენი ინსტიტუტების საერთო ღირებულებას და მისწრაფებას - ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას. მოზიდული სესხი არა მხოლოდ გააძლიერებს თიბისის ძალისხმევას მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაში, არამედ საშუალებას მოგვცემს ხელი შევუწყოთ კლიმატთან დაკავშირებული ინვესტიციების პოპულარიზაციას საქართველოს მასშტაბით. გვინდა მადლობა გადავუხადოთ IFC-ს გამოყოფილი დაფინანსებისთვის და მოუთმენლად ველით წარმატებული თანამშრომლობის მეტ შესაძლებლობებს მომავალში,“ განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„ეს ინვესტიცია საქართველოში IFC-ის იმ საქმიანობის ნაწილია, რომელიც ეკონომიკური ზრდისა და მდგრადობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. თიბისი ბანკთან პარტნიორობით და მისი შესანიშნავი ციფრული მექანიზმებისა და ფილიალების ფართო ქსელის მეშვეობით, ვგეგმავთ მნიშვნელოვან წინსვლას მივაღწიოთ როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებების დაფინანსებაში, რაც მდგრად ეკონომიკას შეუწყობს ხელს,“ განაცხადა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტემ.

ქართული ბანკების მხარდაჭერა  მცირე ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით IFC-ის ერთ-ერთი პრიორიტეტია საქართველოში. ქვეყანაში კერძო სექტორის ზრდისთვის, IFC-მ 1995 წლიდან მოყოლებული დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის გრძელვადიანი დაფინანსება გამოყო. ამ თანხიდან თითქმის 1 მილიარდი დოლარი პარტნიორებისგან იქნა მობილიზებული საფინანსო, აგრობიზნესის, წარმოების და ინფრასტრუქტურის 62 პროექტისთვის. IFC-მ ასევე მხარი დაუჭირა $394 მილიონზე მეტი მოცულობის სავაჭრო დაფინანსებას და განახორციელა საკონსულტაციო პროექტები, რომლებიც კერძო სექტორის განვითარებაზეა ორიენტირებული.

IFC-ის შესახებ

IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. ჩვენ ვმუშაობთ 100-ზე მეტ ქვეყანაში და ვიყენებთ ჩვენს კაპიტალს, გამოცდილებასა და გავლენას, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ბაზრების და შესაძლებლობების შესაქმნელად. 2024 ფისკალურ წელს, IFC-მ რეკორდული 56 მილიარდი დოლარი გამოუყო განვითარებადი ქვეყნების კერძო კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს და მოახდინა კერძო კაპიტალის მობილიზება პლანეტაზე სიღარიბისგან თავისუფალი სამყაროს შესაქმნელად. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org.

თვალყური ადევნეთ IFC-ის სოციალურ მედიაში.

თიბისი ბანკის შესახებ

თიბისი ბანკი წამყვანი ფინანსური ჯგუფია საქართველოში, ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების სრული ნაკრებით ყველა სეგმენტში;  მთლიანი დეპოზიტების საბაზრო წილი შეადგენს 39.5%-ს, ხოლო მთლიანი სესხების - 39.1%-ს (2024 წლის მარტის მდგომარეობით). როგორც ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, თიბისი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს საცალო, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების  (MSME) საბანკო მომსახურებას, ასევე,  კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას (CIB).

თიბისი ბანკი ეკუთვნის, ინგლისსა და უელსში დაფუძნებულ, ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტზე განთავსებულ და FTSE 250 ინდექსის წევრ ჰოლდინგს - TBC Bank Group PLC-ის. მრავალმილიარდიანი საკრედიტო პორტფელით თიბისი ბანკში დასაქმებულია 10 000 ადამიანი.