მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების უახლესი ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდა და ფინანსური სტრესის რისკი ძლიერდება ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში  გლობალურად მომატებული საპროცენტო განაკვეთების ფონზე.

პროგნოზის მიხედვით, გლობალური ზრდა 2022 წელს არსებული 3.1%-დან 2023 წელს 2.1%-მდე შემცირდება. ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებში ჩინეთის გარდა, ზრდის მაჩვენებელი შარშან არსებული  4.1%-დან წელს 2.9%-მდე შენელდება. ეს პროგნოზები  ფართომასშტაბიან ვარდნას ასახავს.

სიღარიბის შემცირებისა და კეთილდღეობის გავრცელების ყველაზე საიმედო გზა დასაქმებაა,  შენელებული ეკონომიკური ზრდა სამუშაო ადგილების შექმნას ბევრად ართულებს“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა აჯაი ბანგამ. მისივე თქმით: მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზები არ არის ბედისწერა. ჩვენ გვაქვს ვითარების შეცვლის შესაძლებლობა, მაგრამ ამისათვის ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ.“

ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებადი ქვეყნების უმეტესობას განვითარებული ქვეყნების ბოლოდროინდელმა საბანკო  სტრესმა მხოლოდ შეზღუდული ზიანი მიაყენა, მაგრამ ახლა ისინი სახიფათო სიტუაციაში იმყოფებიან. გლობალური საკრედიტო პირობების მზარდი შეზღუდვების ფონზე, ყოველი ოთხი განვითარებადი ქვეყნიდან ერთმა ფაქტობრივად დაკარგა წვდომა ობლიგაციების საერთაშორისო ბაზრებზე. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით მწვავეა ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც დაბალი კრედიტუნარიანობით გამოირჩევიან. მათი ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის გასული წლის საპროგნოზო მაჩვენებლის ნახევარზე ნაკლებია, რაც დამატებითი შოკების მიმართ მათ დაუცველობას  განაპირობებს.

მსოფლიო ეკონომიკა არასაიმედო მდგომარეობაშია. აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიის ფარგლებს  გარეთ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი იმ დინამიზმის მისაღწევად, რომელიც საჭიროა სიღარიბის აღმოსაფხვრელად, კლიმატის ცვლილების ზემოქმედების დასაძლევად და ადამიანური კაპიტალის შესავსებად. 2023 წელს ვაჭრობა გაიზრდება პანდემიამდე რამდენიმე წლის განმავლობაში არსებული ტემპის მესამედზე ნაკლებით. ფორმირებად ბაზრებსა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ვალის წნეხი იმატებს გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების გამო. ფისკალურმა სისუსტეებმა უკვე ბევრი დაბალშემოსავლიანი ქვეყანა სავალო კრიზისამდე მიიყვანა. იმავდროულად, მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად დაფინანსების საჭიროება კერძო ინვესტიციების ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზებსაც კი ბევრად აღემატება,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ინდერმით გილმა.

უახლესი პროგნოზები მიუთითებს, რომ პანდემიის, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა  და გლობალური ფინანსური პირობების ფონზე ეკონომიკის მკვეთრი ვარდნის ურთიერთგადამფარავმა  შოკებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ფორმირებადი ბაზრების მქონე ქვეყნების განვითარება, რაც უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება. მოსალოდნელია, რომ 2024 წლის ბოლოსთვის ეკონომიკური აქტივობა ამ ქვეყნებში დაახლოებით 5%-ით დაბალი იქნება პანდემიის დაწყებამდე პროგნოზირებულ დონეზე. დაბალი შემოსავლის მქონე, განსაკუთრებით კი უღარიბეს ქვეყნებში, ზარალი აშკარაა: ამ ქვეყნების მესამედზე მეტში, 2024 წელს შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე  კვლავ 2019 წლის მაჩვენებელზე დაბალი იქნება. შემოსავლის ზრდის ეს სუსტი ტემპი გააღრმავებს უკიდურეს სიღარიბეს ბევრ დაბალშემოსავლიან ქვეყანაში.

ბევრ განვითარებად ქვეყანას უჭირს გაუმკლავდეს სუსტ ეკონომიკურ ზრდას, მუდმივად მაღალ ინფლაციას და ვალის რეკორდულ დონეს. მაგრამ ახალმა საშიშროებამ, როგორიცაა განახლებული ფინანსური სტრესის უფრო ფართო გავრცელების შესაძლებლობა მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს მათი მდგომარეობა. პოლიტიკის შემმუშავებლებმა ამ ქვეყნებში დროულად უნდა იმოქმედონ, რათა თავიდან აიცილონ ფინანსური სტრესის გავრცელება და შეამცირონ მოახლოებული შიდა მოწყვლადობა, -განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტის მოადგილემ აიჰან კოსემ.

ანგარიშის თანახმად, მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში 2022 წელს არსებული 2.6%-დან ზრდა წელს შენელდება  0.7%-მდე და 2024 წლის განმავლობაში დაბალ დონეზე შენარჩუნდება. 2023 წლის 1.1%-იანი ზრდის შემდეგ, აშშ-ის ეკონომიკა 2024 წელს 0.8%-მდე შენელდება, ძირითადად, გასული წელიწადნახევრის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდის გავლენის გამო. ევროზონაში 2023 წელს მოსალოდნელია ზრდის შენელება 0.4%-მდე 2022 წლის 3.5%-დან, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისა და ენერგორესურსებზე ფასების ზრდის შემაფერხებელი ეფექტის გამო.

ანგარიში ასევე იძლევა ანალიზს, თუ როგორ მოქმედებს აშშ-ს საპროცენტო განაკვეთების ზრდა ფორმირებადი ბაზრების მქონე და განვითარებად ქვეყნებზე. გასული წელიწადნახევრის განმავლობაში სახაზინო შემოსავლების ორწლიანი ზრდის უმეტესი ნაწილი გამოწვეული იყო ინვესტორების მოლოდინებით აშშ-ის მონეტარული პოლიტიკის მიმართ ინფლაციის გაკონტროლებასთან დაკავშირებით. ანგარიშის მიხედვით, ამ კონკრეტული ტიპის საპროცენტო განაკვეთის ზრდა ასოცირდება განვითარებად ქვეყნებში არახელსაყრელ ფინანსურ ეფექტებთან, მაღალი ალბათობის ფინანსური კრიზისის ჩათვლით. უფრო მეტიც, ეს ზემოქმედება განსაკუთრებით გამოხატულია იმ ქვეყნებში, რომლებიც გაცილებით დიდი ეკონომიკური დაუცველობით გამოირჩევიან. კერძოდ, სასაზღვრო ბაზრებზე (ქვეყნები ნაკლებად განვითარებული ფინანსური ბაზრებით და უფრო მეტად შეზღუდული წვდომით საერთაშორისო კაპიტალზე) აღინიშნება ნასესხებ სახსრებთან დაკავშირებული ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა; მაგალითად, სუვერენული რისკის გავრცელება ასეთ ბაზრებზე სამჯერ და მეტად იზრდება ვიდრე ფორმირებადი ბაზრების მქონე და სხვა განვითარებად ქვეყნებში.

ამასთან ერთად, ანგარიშში მოცემულია ფისკალური პოლიტიკის გამოწვევების ყოვლისმომცველი შეფასება დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის. ეს ქვეყნები მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. საპროცენტო განაკვეთების ზრდამ გაამძაფრა მათი ფისკალური პოზიციების გაუარესება ბოლო ათწლეულის განმავლობაში. სახელმწიფო ვალი ახლა საშუალოდ მთლიანი შიდა პროდუქტის 70%-ს შეადგენს. საპროცენტო გადახდები ამცირებს სახელმწიფოს შეზღუდულ შემოსავლებს.  დაბალი შემოსავლის მქონე 14 ქვეყანა უკვე იმყოფება სავალო კრიზისში ან მის პირზეა. ხარჯების ზეწოლა გაიზარდა ამ ქვეყნებში. არახელსაყრელი შოკები, როგორებიცაა ექსტრემალური კლიმატური მოვლენები და კონფლიქტები, კიდევ უფრო მეტად აუარესებს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში შინამეურნეობების მდგომარეობას, ვიდრე სადმე სხვაგან,  სოციალური უსაფრთხოების შეზღუდული ქსელების გამო. საშუალოდ, ეს ქვეყნები მშპ-ის მხოლოდ 3%-ს ხარჯავენ თავიანთ ყველაზე დაუცველ მოქალაქეებზე, რაც განვითარებადი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე (26%) დაბალია.