გერმანიის სტატისტიკური სააგენტო Destatis-ის განახლებული მონაცემების ადასტურებს, რომ წლის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკა რეცესიაში ჩავარდა.

რეცესია ზედიზედ ორი კვარტალის განმავლობაში მშპ-ს შემცირებით განისაზღვრება. 2022 წლის მეოთხე კვარტალში გერმანიის ეკონომიკა 0,5%-ით შემცირდა; 2023 წლის პირველ კვარტალში, თავდაპირველად, ნულოვანი ზრდა დაფიქსირდა, მაგრამ გადახედვის შემდეგ ეს შეფასება 0,3% ვარდნით შეიცვალა.

გერმანიის ეკონომიკას ევროკავშირში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა, რადგან ესპანეთსა და იტალიაში მშპ 0,5%-ით გაიზარდა, საფრანგეთში - 0,2%-ით.

Destatis-ი თავის ანალიზში აღნიშნავს, რომ გერმანიის ეკონომიკის შენელება დაკავშირებულია ფასების მნიშვნელოვან ზრდასთან, რამაც ძლიერ იმოქმედა მოსახლეობის საბოლოო სამომხმარებლო ხარჯებზე - პირველ კვარტალში ის 1,2%-ით შემცირდა.

„ოჯახები რომ შესყიდვებს ამცირებდნენ, აშკარა იყო ბევრ სფეროში. ისინი ნაკლებ ხარჯავდნენ საკვებსა და სასმელზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და ავეჯზე", - ნათქვამია სააგენტოს ანალიზში. შემცირდა მანქანებზე დანახარჯებიც, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს წლის დასაწყისში ჰიბრიდების სახელმწიფო სუბსიდიებით შესყიდვით.

Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ ახალი შეფასება უსიამოვნო სიახლე იყო გერმანიის მთავრობისთვის, რომელიც წლის დასაწყისში ამბობდა, რომ რეცესიის თავიდან აცილება შეიძლებოდა.

„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება - გერმანია არ ჩაეშვება რეცესიაში”, - განაცხადა კანცლერმა ოლაფ შოლცმა იანვარში.

„როგორც ჩანს, წლის დასაწყისში არსებული ოპტიმიზმი რეალობას შეეჩეხა. მსყიდველობითუნარიანობის დაქვეითება, სამრეწველო შეკვეთების შემცირება, ასევე ათწლეულების განმავლობაში ყველაზე აგრესიული მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გავლენა და აშშ-ს ეკონომიკის მოსალოდნელი შენელება, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ეკონომიკური აქტივობის შესუსტებას“, - აცხადებს ING-ის ეკონომისტი კარსტენ ბჟესკი Bloomberg-თან.

გერმანიაში გარდაუვალი რეცესიის რისკზე საუბარი მაისის დასაწყისში დაიწყო, როცა ქვეყანაში  სამრეწველო წარმოების შესახებ უარყოფითი მონაცემები გამოჩნდა.