უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი X-ზე ამერიკელ მილიარდერ ბიზნესმენს, ილონ მასკს მიმართავს წინადადებით, რომ ბერინგის სრუტის ქვეშ, აშშ-მ და რუსეთმა ქვეყნების დამაკავშირებელი გვირაბი ააშენონ, რომელსაც "პუტინი-ტრამპის გვირაბი" დაერქმევა.
დმიტრიევის თქმით, 112-კილომეტრიანი გვირაბი "ერთიანობის სიმბოლო" იქნება, ხოლო მასკის Boring Company-ის მეშვეობით პროექტის ხარჯი $65 მილიარდიდან შესაძლოა, $8 მილიარდამდე შემცირდეს. ის ასევე წერს, რომ პროექტის დაფინანსება მოსკოვისა და "საერთაშორისო პარტნიორების" ჩართულობით შეიძლება.
X-ზე გავრცელებულ პოსტს დმიტრიევმა პროექტის მონახაზის სურათიც დაურთო:
პუტინის წარმომადგენელი ამ იდეით მას შემდეგ გამოვიდა, რაც 16 ოქტომბერს ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რის შედეგადაც აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ბუდაპეშტში შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რათა უკრაინაში ომის დამთავრების გზა გამონახონ.