ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების საქმეზე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

„უდანაშაულო ვარ“, – განაცხადა ბოლტონმა სასამართლო პროცესზე, თუმცა შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

საქმეზე შემდეგი პროცესი 21 ნოემბერს გაიმართება.

ცნობისთვის, მანამდე ჯონ ბოლტონს ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის გადაცემის საქმეზე რვა ბრალდება წაუყენეს, ხოლო ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის არასათანადოდ შენახვის საქმეზე – ათი.

დონალდ ტრამპმა ბოლტონი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად 2018 წელს აირჩია. ბოლტონი ტრამპმა 2019 წელს, მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც ადმინისტრაციასთან მისმა განსხვავებულმა შეხედულებებმა რამდენიმე საკითხთან, მათ შორის ჩრდილოეთ კორეასა და ირანთან დაკავშირებით, პიკს მიაღწია.