საქართველოში აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვამ 2025 წელს მორიგი რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული საწარმოების ბრუნვამ 88.370 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 12.215 მლრდ ლარით, დაახლოებით 16%-ით აღემატება.
ბოლო წლებში სექტორის ბრუნვა ასე იცვლებოდა:
- 2025 წელი – 88.370 მლრდ ლარი;
- 2024 წელი – 76.155 მლრდ ლარი;
- 2023 წელი – 63.994 მლრდ ლარი;
- 2022 წელი – 52.647 მლრდ ლარი;
- 2021 წელი – 47.938 მლრდ ლარი;
- 2020 წელი – 32.091 მლრდ ლარი.
2025 წელს აზარტული თამაშების სექტორის წილმა ბიზნესის მთლიან ბრუნვაში 34.8% შეადგინა. შედარებისთვის, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 32.3% იყო, 2023 წელს – 31.2%, 2022 წელს – 29%, 2021 წელს – 32%, ხოლო 2020 წელს – 28%.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს სათამაშო ბიზნესში 13 228 ადამიანი იყო დასაქმებული. სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 3 742 ლარს შეადგენდა, ხოლო განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ 63 მლნ ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში საქართველოში ბიზნესის მთლიანი ბრუნვა 253.7 მლრდ ლარი იყო. ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი – 35.5%, ანუ 88.880 მლრდ ლარი, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სფეროზე მოდიოდა.
აღნიშნული სექტორის ბრუნვის თითქმის მთლიან მოცულობას აზარტული თამაშების საქმიანობა ქმნიდა – 88.370 მლრდ ლარი, რაც დარგის მთლიანი ბრუნვის 99.4%-ს შეადგენდა.
საქსტატი აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული საწარმოების მონაცემებს 2018 წლიდან ახალი მეთოდოლოგიით ითვლის. 2018 წლამდე ბრუნვაში აისახებოდა მოთამაშეების მიერ ჩარიცხული თანხების მოცულობა, ხოლო ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, ამ თანხებთან ერთად გათვალისწინებულია მოთამაშეების მიერ თითოეულ ჯერზე დადებული ფსონების ჯამური მოცულობაც.