საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის მაისში ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია („რიკო ექსპრესი“), 2 საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და 5 სესხის გამცემი სუბიექტი დააჯარიმა.
ყველაზე დიდი ჯარიმა მაისში საგადახდო პროვაიდერმა eMoney-მ გადაიხადა, მისი მოცულობა 93 000 ლარი იყო.
ფინანსური ინსტიტუტების დაჯარიმების მთავარი მიზეზები შემდეგია:
- შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ვადის გადაცილებით წარმოდგენის 1 (ერთი) შემთხვევის გამო;
- „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დარღვევის გამო 19 კლიენტთან მიმართებით (კანონმდებლობის შესაბამისად არ განახორციელა ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესწავლა);
- „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 7 მაისის N82/04 ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-2 მუხლის, ამავე ბრძანებით დამტკიცებული სახელმძღვანელოს მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევის გამო 4 კლიენტთან მიმართებით (არ განახორციელა ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და პროვაიდერის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკფაქტორების გათვალისწინებით რისკის მინიჭება);
- „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის, ასევე „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო 3 კლიენტთან მიმართებით (ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის არ არის გადაცემული საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგება).
- ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემის მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირება;
- შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის შემთხვევის გამო.