სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში", ეროვნული ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) ორგანიზაციული განვითარების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელმა ნატალია ბერუაშვილმა გახსნეს.

„შეხვედრას ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის წევრი კერძო, საჯარო, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს ეროვნული ბანკი ხელს უწყობს ფინანსური ბაზრების განვითარებას.

„სავალუტო ბაზრის მონაწილეების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა.

USAID-ის მხარდაჭერით წარსულში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ფინანსური ბაზრების განვითარებისთვის. ამ მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ინსტიტუციური განვითარების სამოქმედო გეგმის დღევანდელი პრეზენტაცია.

ამასთან, გვსურს დავაანონსოთ მიმდინარე წელს დაგეგმილი საგანმანათლებლო აქტივობების სერია, რომლებიც ასევე USAID-ის მხარდაჭერით განხორციელდება. დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან შვეიცარიელი ექსპერტები ბრუნო ლანგრიცი და მარსელ ციმერმანი, რომელთა მრავალწლიანი გამოცდილება, რჩევები და რეკომენდაციები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ასოციაციის სამომავლო განვითარებაში“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.