საქართველოს პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილის მიერ 23 თებერვალს დადებული ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა. ამ ცვლილებით, სებ-ში გაჩნდება პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას შეასრულებს. ამასთან, იქამდე სანამ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს არ გაუვა უფლებამოსილების ვადა, დროებით შემოდის დათქმა, რომ ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა სამის ნაცვლად იქნება ოთხი და მათ შორის ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი. 

არჩილ მესტვირიშვილი, რომელიც ამჟამად სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსურულებელია უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება, შესაბამისად არსებობს ვარაუდი, რომ სანამ არჩილ მესტვირიშვილს სებ-ის საბჭოში გაუვა ვადა, ეროვნული ბანკის საბჭო კიდევ ერთ ვიცე-პრეზიდენტს დანიშნავს.

უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.

აღნიშნული კანონის პროექტის პარლამენტმა თებერვალში მიიღო და პარლამენტს თებერვალშივე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებული შენიშვნები წარედგინა, სადაც პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში დამატებითი თანამდებობის შემოღების საჭიროებას ვერ ხედავს.

ზურაბიშვილი მოტივირებული შენიშვნების სახით პარლამენტს სთავაზობს, რომ კანონის მოქმედი რედაქცია უცვლელად შენარჩუნდეს, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა არ იქნას შემოღებული, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის დროს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის მიერ მისი მოვალეობის შესრულების საკითხი ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვიტოს.

პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნავს, რომ წარსულში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის დროს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად განსაზღვრა პრობლემა არასდროს ყოფილა.

„დაუშვებელია მსგავსი პერსონიფიცირებული კანონის მიღება, რადგან ცვლილება კონსტიტუციური ორგანოს - ეროვნული ბანკის მმართველობაში უხეშ ჩარევას განაპირობებს და მისი დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობად აღიქმება“, - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებში.

პრეზიდენტი ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ ეროვნულ ბანკში დამატებით კიდევ ერთი აღმასრულებელი თანამდებობის დაჩქარებული წესით შემოღება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას დაემთხვევა და შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განსაზღვრას უკავშირდება. ზურაბიშვილის შეფასებით, ეს იმ მიუღებელი პრაქტიკის გაგრძელებაა, რომლის თანახმად, ქვეყნის უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ორგანოებს დროებითი მოვალეობის შემსრულებლები განუსაზღვრელი ვადით ხელმძღვანელობენ.

„პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად, გარკვეული პერიოდით საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში ცხრა წევრიდან ხუთი აღმასრულებელი იქნება, ხოლო ოთხი - არააღმასრულებელი წევრი. ამგვარად გარკვეული პერიოდში საბჭოს აღმასრულებელი და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსი ირღვევა. ეს მიუღებელია და რისკის ქვეშ აყენებს ეროვნული ბანკის საბჭოს, როგორც დამოუკიდებელი ზედამხედველი ორგანოს როლს. აღნიშნულ რისკზე მიუთითებენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი და შესაბამისი დარგის ექსპერტები“, - აცხადებს პრეზიდენტი, რომლის შეფასებითაც, კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების რეალური საჭიროება არ არსებობდა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებზე.