იპოთეკით ბინის შეძენა მარტივდება დაკრედიტების ახალი რეგულაცია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბაზრის წახალისებისთვის გაამარტივა. „საზოგადოება და ბანკების“ თანადამფუძნებელი გიორგი კეპულაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი შექმნილი პოლიტიკური კრიზისია. მისი განმარტებით, მიმდინარე მოვლენებმა იპოთეკური სესხების პორტფელზე უარყოფითად იმოქმედა და მისი ზრდა მოსალოდნელზე დაბალია. გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი გამარტივებული რეგულაციით ცდილობს გაზარდოს იპოთეკური სესხების დაკრედიტება.

,,როგორც ჩანს პოლიტიკურმა კრიზისმა უკვე გარკვეული გავლენა მოახდინა იპოთეკური სესხების პორტფელზე და არ არის ისეთი ზრდა, როგორიც მოსალოდნელი იყო. ჩემი ვარაუდით, ეროვნული ბანკი ამ ნაბიჯით ცდილობს, რომ იპოთეკური სესხების დაკრედიტება უფრო გაზარდოს. ძირითადად ეს ეხება სამშენებლო სექტორს და მასთან დაკავშირებულ სხვა ინდუსტრიებს, როგორიც არის ავეჯი, რემონტი, სამშენებლო მასალები. საკმაოდ ბევრ ინდუსტრიას მოიცავს და ასევე საყოფაცხოვრებო ტექნიკას. როდესაც ადამიანი ყიდულობს ბინას, ის ამ ყველაფერსაც ყიდულობს. თუ კრიზისი დაიწყო და რეგულატორი არ წაეხმარა სექტორს იპოთეკური სესხების გამარტივებით, შესაძლებელია უფრო ღრმა ეკონომიკური კრიზისი მივიღოთ კონკრეტულ ინდუსტრიებში. როგორც აღვნიშნე, ეს საკმაოდ დიდი ინდუსტრიაა. ეს არ არის მარტო ერთი სექტორი. ამით შესაძლოა გარკვეული რისკები შემცირდა, თუმცა ის რომ პორტფელის ზრდა აღარ არის ისეთი, როგორიც თუნდაც წინა წელს იყო გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, რასაც თან ერთვის ეკონომიკური კრიზისი. საქართველოში იპოთეკური სესხის მომხმარებლები ძირითადად არიან საშუალო ფენის წარმომადგენლები. ასევე ემიგრანტები. შესაბამისად, ყველა მათგანისთვის დღეს სიტუაცია არის გაურკვეველი და ზოგადად იმას, რომ ქვეყანაში პრობლემებია და კრიზისია ამას ბოლო გამოკითხვებით მოსახლეობის 80% აღიარებს. სარისკო გადაწყვეტილების მიღებას ადამიანი ერიდება. შესაბამისად, ჩემი აზრით ეროვნული ბანკი ცდილობს რომ ამით უფრო წაახალისოს იპოთეკური პორტფელის ზრდა, რომ ამან სხვა სექტორების პრობლემები არ გამოიწვიოს. ’’- აცხადებს გიორგი კეპულაძე.

ეკონომისტს ვკითხეთ, რა ეფექტი ექნება მიღებულ გადაწყვეტილებას? გაზრდის თუ არა ახალი რეგულაცია მომხმარებლების აქტიურობას და წაახალისებს თუ არა ბანკებს, რომ უფრო მარტივად გასცენ იპოთეკური სესხები. გიორგი კეპულაძე აცხადებს, რომ წინასწარ დასკვნების გამოტანა რთულია. 

„წინასწარ ამის თქმა ძალიან რთულია. ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ მსგავსი ნაბიჯები, როგორც წესი გარკვეულ წილად უწყობს ხელს დაკრედიტების ზრდას, თუმცა ამ შემთხვევაში ვნახოთ გადაწონის თუ არა ეს სხვა ფაქტორებს. როდესაც ვსაუბრობთ დაკრედიტების %-ის ზრდაზე ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანს პირობითად 100 ათას ლარიან ქონებაში აქამდე უნდა ჰქონოდა მეტი დანაზოგი, ახლა შედარებით ნაკლები დანაზოგი დასჭირდება და შეიძლება აღარ დასჭირდეს დამატებით უზრუნველყოფა. აქამდე, როგორც წესი მომხმარებელს სჭირდებოდა დამატებითი უზრუნველყოფის მოტანა ბანკისთვის, რომ სესხი აეღო. ბანკისთვის, რა თქმა უნდა, ასეთი პირობები ხელსაყრელია, თუმცა აქ კიდევ ცალკეა ბანკის რისკების მენეჯმენტი. სებ-ის რეგულაცია ითვალისწინებს, რომ სესხი ასე უნდა დამტკიცდეს, როგორც რეგულაცია მოითხოვს, მაგრამ ბანკმა შესაძლოა კონსერვატიული მიდგომა მაინც შეინარჩუნოს, რადგან რისკები გაზრდილია. ამით არის გამოწვეული ის, რომ ბანკი უფრო მეტ დროს უთმობს სესხის პირობების განხილვას. ასევე, ბანკისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალი უფრო ნათელი და გარკვეული იყოს. რისკები თუ არსებობს მომხმარებლის მხარეს, ეს თავისთავად კომერციულ ბანკსაც გადაეცემა.’’- განმარტავს გიორგი კეპულაძე.

ეკონომისტი აცხადებს, რომ ბანკებმა შესაძლოა სესხის გაცემის დროს სიფრთხილე შეინარჩუნონ, რადგან რისკები გაზრდილია, მოლოდინები კი გაურკვეველი. გიორგი კეპულაძე არ გამორიცხავს, რომ გაზრდილი რისკების პირობებში კომერციულმა ბანკებმა საპროცენტო განაკვეთები გაზარდონ.

„ბანკები ფრთხილობენ იმიტომ, რომ გაზრდილია რისკები და გაურკვეველია მოლოდინები. რისკები თუ იზრდება ეს უკვე საპროცენტო განაკვეთებზე აისახება. არ არის გამორიცხული, რომ გაზრდილი რისკების პირობებში იპოთეკურ თუ სხვა ტიპის გრძელვადიან სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდოს“, - აცხადებს გიორგი კეპულაძე.