„ეროვნული ბანკი რადიკალურად უნდა შეიცვალოს, თუ გაუქმდება, უკეთესია“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეროვნულ ბანკს უნდა ჩამოშორდეს ის ფუნქციები, რომელიც მონეტარულ პოლიტიკას ეხება და უფრო გონივრული იქნებოდა, რომ ეს უკანასკნელი დამოკიდებული უნდა იყოს რეზერვების მოცულობაზე.
„მე არ ვარ მომხრე, რომ რეფინანსირების განაკვეთი კიდევ უფრო შემცირდეს ან, საერთოდ, კონკრეტული ადამიანების შეფასებით ხდებოდეს მისი ცვლილება. ბევრად უფრო გონივრული იქნება, რომ მიწოდების მექანიზმი დამოკიდებული იყოს რეზერვების მოცულობაზე და მასზე იყოს მიბმული და არა კონკრეტული ჯგუფის პირად გადაწყვეტილებაზე“, - განაცხადა პაატა შეშელიძემ.
მისი თქმით, ეროვნული ბანკს არ უნდა ჰქონდეს რეფინანსირების განაკვეთის და რეფინანსირების სესხის დაწესების უფლება, „ასეთი მექანიზმი დანაშაულებრივიცაა, იმიტომ რომ ყალბია“
„ბანკს არ უნდა ჰქონდეს რეფინანსირების განაკვეთის და რეფინანსირების სესხის დაწესების უფლება, ეს მისი საქმე არ უნდა იყოს. ასეთი მექანიზმი დანაშაულებრივიცაა, იმიტომ რომ ყალბია, სიყალბეა და, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ფუნდამენტური საკითხი. ჩვენ თუ ამას შევეგუებით, მუდმივად გვექნება საფრთხე ინფლაციის, ლარის გაუფასურების, ქონების გადანაწილების იმ ადამიანების სასარგებლოს, ვინც პოლიტიკაშია და ა.შ. ეროვნული ბანკის და მონეტარული პოლიტიკის რეფორმა არის დღის წესრიგის ნომერი პირველი, ფუნდამენტური საკითხი“, - განაცხადა პაატა შეშელიძემ.
პაატა შეშელიძემ იმ აუცილებელ გადაწყვეტილებებზეც ისაუბრა, რაც, მისი თქმით, რეალურად შეგვაცვლევინებს დამოკიდებულებას ეკონომიკისა და კეთილდღეობის მიმართ. მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილებები უკავშირდება - ფულს, დეცენტრალიზებასა და პრივატიზებას.
„პირველი - გასატარებელია მონეტარული რეფორმა. ეროვნული ბანკი რადიკალურად უნდა შეიცვალოს, თუ გაუქმდება, უკეთესი იქნება. მას უნდა ჩამოშორდეს ის ფუნქციები, რომელიც მონეტარულ პოლიტიკას ეხება. მონეტარული პოლიტიკა უნდა დაბრუნდეს საბაზრო სისტემაში. ფული უნდა იყოს საბაზრო პროდუქტი და არა პოლიტიკური;
მეორე - მნიშვნელოვანი იქნება ისეთი ქმედებები, რომელიც დეცენტრალიზებას შეუწყობს ხელს. სოფლები, ქალაქები დაცარიელდა იმიტომ, რომ მხოლოდ თბილისში მიიღება გადაწყვეტილება და ეს უნდა შეიცვალოს;
მესამე - საჭიროა პრივატიზების მნიშვნელოვანი გაფართოება და ადამიანებისთვის საშუალების მიცემა, რომ ის ბუნებრივი რესურსები უფრო აქტიურად გამოიყენონ და საკუთარ ინტრესებში ჩააყენონ და არა რამდენიმე დაჯგუფების ინტერესებში, როგორც ახლაა.
ეს სამი გადაწყვეტილება რადიკალურად შეცვლიდა მდგომარეობას. ეს არის რადიკალური, სწორი და მართალი გადაწყვეტილებები“, - განაცხადა პაატა შეშელიძემ.