ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნები 5%-ით დღეიდან, 19 მაისიდან შემცირდება. ეროვნული ბანკის შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

სებ-ის ინფორმაციით, ახალი სარეზერვო მოთხოვნების დაწესების შედეგად, ბანკებს საერთო ჯამში დაახლოებით 250 მილიონი დოლარი გამოუთავისუფლდებათ.

„2024 წლის ბოლოს გავაკეთეთ ეს ცვლილება [სარეზერვო მოთხოვნების ზრდა]. მაშინ გვქონდა ასეთი სიტუაცია – ჩვენ ბაზარზე გვქონდა არაფუნდამენტური რყევები, როდესაც გაცვლითი კურსის გაუფასურების რისკები იყო და ეროვნულმა ბანკმა განახორციელა მაშინ ინტერვენციები. ბაზარზე ჭარბი უცხოური ვალუტის ლიკვიდობა დაგროვდა და ჩვენ გვქონდა შიში, რომ ეს უცხოური ვალუტის ლიკვიდობა ბანკებს შეიძლება სესხად გაეცათ რეალურ ეკონომიკაზე. ამის საპასუხოდ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული მაშინ და მაშინვე აღვნიშნეთ, რომ ეს იყო დროებითი ზომა.

ახლა ჩავთვალეთ, რომ ეს რისკები აღარ გვიდგას, ეს ჭარბი ლიკვიდობა აღარ არის ბაზარზე. ასევე ეროვნული ბანკი პირიქით, ინტერვენციებით დოლარს ყიდულობს და ჩვენს რეზერვებში აისახება. ამიტომ რისკები, რაც მაშინ გვქონდა, დღეს აღარ არის რელევანტური. რაც შეეხება დედოლარიზაციას, ჩვენ [სავალუტო სესხებზე] მილიონამდე ზღვრის ლიმიტით ვმართავთ. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ახლა დრო არის, დროებით შემოღებული ზომა უკან შეგვებრუნებინა. რეზერვების გამოთავისუფლება საბანკო სექტორისთვის დაახლოებით არის 250 მილიონი დოლარის ექვივალენტი და ეს ცხადია, გარკვეულწილად პოზიტიურად აისახება როგორც საბანკო სექტორის შემოსავლებზე, ასევე აისახება SME სეგმენტის დაკრედიტებაზე უცხოურ ვალუტაში, მათთვისაც ეს სესხი იქნება უფრო ხელმისაწვდომი. ამ მხრივ პოზიტიური გავლენა ექნება, თუმცა ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე იყო მიღებული, რომ უცხოურ ვალუტაში ვხედავთ, რომ გლობალურად ფინანსური პირობები ნელ-ნელა მკაცრდება. იქიდან გამომდინარე, რომ გლობალურად ინფლაცია მაღალი ტემპით მიდის, შეიძლება ცენტრალურმა ბანკებმა, როგორც დოლარში, ისე ევროში გაამკაცრონ მონეტარული პოლიტიკა. ამიტომ ეს რომ უფრო მკვეთრად არ გადაეცეს ჩვენს ეკონომიკას, სწორედ აქეთკენ იყო მიმართული ეს პოლიტიკა”, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.

კომერციული ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა გამოიანგარიშება სპეციალური ფორმულით, რომელიც დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელს ეყრდნობა. რაც უფრო მაღალია კონკრეტული ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი, მით უფრო მაღალია დარეზერვების კოეფიციენტი. 2026 წლის მარტის მდგომარეობით დეპოზიტების დოლარიზაცია 53%-ს შეადგენს, რისი გათვალისწინებითაც დარეზერვების საშუალო ნორმა ამჟამად 16.5%-ს შეადგენს, რაც 19 მაისიდან 11.5%-მდე შემცირდება.

"უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის მინიმალური სარეზერვო ნორმა არის:

ა) 20%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 70% ან მეტი;

ბ) 10%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 40% ან ნაკლები;

გ) თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი ნაკლებია 70%-ზე და მეტია 40%-ზე, მაშინ მინიმალური სარეზერვო ნორმა მცირდება წრფივად და გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:

RR=10%+[(DR-40%)*(20%-10%)/(70%-40%)]

სადაც:

RR არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა;

DR არის ამ წესის შესაბამისად გაანგარიშებული დოლარიზაციის კოეფიციენტი“, - წერია სებ-ის ბრძანებაში.