საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის აპრილის ბოლოსათვის 43.09 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 242.96 მლნ ლარით, ანუ 0.56%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

2023 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, დეპოზიტების მოცულობის მიხედვით ლიდერი „საქართველოს ბანკია“, მეორეზე კი „თიბისი ბანკი“ აღმოჩნდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, პირველ ადგილს „თიბისი“ იკავებდა. წლიურად ცვლილება ფიქსირდება ტოპ შვიდეულის სხვა წევრებს შორის, „პროკრედიტ ბანკმა“ მეექვსე ადგილი „ტერას“ დაუთმო და მეშვიდეზე გადაინაცვლა.

ტოპ 7 ბანკი დეპოზიტების მოცულობის მიხედვით:

„საქართველოს ბანკი“ - 2023 წლის პირველი კვარტალი 18 098 649 913 ლარი, 2022 წლის პირველი კვარტალი 14 460 851 000 ლარი.

„თიბისი“ - 2023 წლის პირველი კვარტალი 17 429 453 792 ლარი, 2022 წლის პირველი კვარტალი 15 295 513 703 ლარი.

„ლიბერთი ბანკი“ - 2023 წლის პირველი კვარტალი 2 773 523 686 ლარი, 2022 წლის პირველი კვარტალი 2 424 203 397 ლარი.

„ბაზის ბანკი“ - 2023 წლის პირველი კვარტალი 2 179 852 428 ლარი, 2022 წლის პირველი კვარტალი 2 008 724 887 ლარი.

„ქართუ ბანკი“ - 2023 წლის პირველი კვარტალი 987 844 734 ლარი, 2022 წლის პირველი კვარტალი 1 045 917 739 ლარი.

„ტერა ბანკი“ - 2023 წლის პირველი კვარტალი 925 871 941 ლარი, 2022 წლის პირველი კვარტალი 852 136 411 ლარი.

„პროკრედიტ ბანკი“ -  2023 წლის პირველი კვარტალი 890 008 569 ლარი, 2022 წლის პირველი კვარტალი 992 816 717 ლარი.

აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 367.11 მლნ ლარით, ანუ 2.18%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.25%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 610.07 მლნ ლარით, ანუ 2.31%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 1.02%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის აპრილის ბოლოსათვის 48.69 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 2.21 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 1.63 პროცენტული პუნქტით).

აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.57% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.41%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.08%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.83%, ხოლო ევროს წილმა 18.28% შეადგინა.