გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ლევან ჟორჟოლიანთან შეხვედრის დეტალების შესახებ X-ზე ავრცელებს ინფორმაციას.
შეხვედრა გერმანელ დიპლომატსა და ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შორის 25 სექტემბერს გაიმართა. ელჩი განმარტავს, რომ ეს შეხვედრა მისი თხოვნის საფუძველზე გაიმართა, საუბრის თემა კი საქართველოში გერმანული დაფინანსების მართვას შეეხებოდა.
"ბატონ ჟორჟოლიანს, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ჩემი თხოვნის საფუძველზე შევხვდი, რათა მეკითხა, რომ გერმანიის მთავრობის ხარჯები გათავისუფლებული ყოფილიყო საქართველოს გრანტების კანონისგან, რადგან ისინი უკვე გათვალისწინებულია გერმანია-საქართველოს შორის მანამდე დადებულ ხელშეკრულებებში. ლეგიტიმური სამართლებრივი კითხვა. პასუხი: არა. გერმანია სამომავლო დაფინანსების ფოკუსს მცირე ადმინისტრაციული დანახარჯის მქონე მეგობრებზე მიმართავს", - დაწერა 26 სექტემბერს პეტერ ფიშერმა.
ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია პირველად მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
„აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა არ არის კმაყოფილი ორ ქვეყანას შორის დღეს არსებული ურთიერთობების დონით და იმედოვნებს, რომ ვითარება შეიცვლება“, - იუწყებოდა 25 სექტემბერს ადმინისტრაციის პრესცენტრი. ის, რომ გრანტების შესახებ კანონი იყო საუბრის თემა, პრესცენტრის პრესრელიზშიც იყო ნახსენები.
„ლევან ჟორჟოლიანმა ელჩს გრანტების გაცემაზე თანხმობის მიღების პროცედურა განუმარტა და აღნიშნა, რომ კანონი ყველასთვის თანაბრად მოქმედებს, შესაბამისად საქართველოს მთავრობა დისკრიმინაციულ მიდგომებს ვერ დაუშვებს“, - ეწერა პრესრელიზში.
ცნობისთვის, გერმანიის ელჩის მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრას წინ უსწრებდა მისი დაბარება საგარეო უწყებაში 24 სექტემბერს - ეს იყო პირველი შემთხვევა გერმანიისა და თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში, როდესაც გერმანელი ელჩი სამინისტროში დაიბარეს.
პეტერ ფიშერს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ ელჩი ფიშერი ამბობდა, რომ „გრანტების კანონთან“ დაკავშირებით საელჩომ არ იცის დეტალები: "ჩვენ ყოველთვიურად ათასობით ფინანსური ტრანზაქცია გვაქვს. ყველა ტრანზაქციისთვის ნებართვა უნდა ვითხოვო?“ - ამბობდა ის.
„კანონის დაცვა ყოველთვის შესაძლებელია, უბრალოდ არ ვიცით, რა შედეგები მოჰყვება ამას. გრანტების შესახებ კანონთან დაკავშირებით კი ჯერ კიდევ ველოდებით კონკრეტულ ინფორმაციას. ასე რომ, ეს საკმაოდ უცნაური სიტუაციაა ჩვენთვის, როდესაც გერმანელი გადასახადის გადამხდელების ფულს საქართველოში ვხარჯავთ და ამას სულ უფრო გვირთულებენ“, - ამბობდა ის.
წყარო: radiotavisupleba.ge