თუ სტუდენტი სემესტრის განმავლობაში ორ საგანს ვერ ჩააბარებს, მესამე სემესტრიდან მისი სახელმწიფო დაფინანსება შემცირდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და დაამატე, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების შემოღებასთან ერთად გათვალისწინებულია მექანიზმები, რომლებიც სტუდენტებს სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვის მოტივაციას შეუნარჩუნებს.

„უფასო უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო განცხადება გაკეთდა. პირველად საქართველოში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლება იქნება უფასო სტუდენტებისთვის. აქ, რა თქმა უნდა, გარკვეული მექანიზმებია დანერგილი იმისთვის, რომ სტუდენტებმა არ დაკარგონ მოტივაცია და იმ შემთხვევაში, თუ სემესტრის განმავლობაში 2 საგანს ვერ აბარებს სტუდენტი, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებითად საფუძვლიანად არ არის ჩართული სასწავლო პროცესში. ამ შემთხვევაში უკვე მესამე სემესტრიდან გათვალისწინებულია დაფინანსების შემცირება, რასაც ერთადერთი მიზანი აქვს — სტუდენტებისთვის მოტივაციის გაზრდა“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა, დაპირების შესაბამისად, სრულად უფასო იქნება, თუმცა დაფინანსების შენარჩუნებისთვის სტუდენტებს გარკვეული მოთხოვნების შესრულება მოუწევთ.

„რა თქმა უნდა, დაფინანსება სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაპირებისამებრ არის თავიდან ბოლომდე უფასო. ამასთან ერთად ჩვენ გავითვალისწინეთ მოტივაციის შენარჩუნების ინსტრუმენტები სტუდენტებისთვის“, — აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურს პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სახელმწიფო სრულად და უპირობოდ დაფარავს. მესამე სემესტრიდან კი სრული დაფინანსების შესანარჩუნებლად სტუდენტმა სავალდებულო კრედიტების 80%-ზე მეტი უნდა დააგროვოს.

განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ სტუდენტს სემესტრში ჩაუბარებელი შეიძლება დარჩეს მხოლოდ ერთი საგანი.

მისივე თქმით, დაფინანსების შენარჩუნება დამოკიდებული არ იქნება სტუდენტის ქულებსა და აკადემიურ მოსწრებაზე. მთავარი მოთხოვნა სემესტრის განმავლობაში საკმარისი რაოდენობის კრედიტების დაგროვებაა.