საფრანგეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც 15 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალური ქსელების გამოყენება აუკრძალა. თუ კანონს ქვეყნის საკონსტიტუციო საბჭო დაამტკიცებს, შეზღუდვა 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.
ახალი წესის მიხედვით, 15 წლამდე მოზარდები Instagram-ზე, TikTok-ზე, Snapchat-სა და სხვა სოციალურ ქსელებში ახალ ანგარიშებს ვეღარ შექმნიან. უკვე არსებული ანგარიშები კი ოთხი თვის განმავლობაში უნდა დაიხუროს.
მომხმარებელთა ასაკის შემოწმება თავად პლატფორმებს დაეკისრებათ. აქამდე რეგისტრაციისას მოზარდებს დაბადების თარიღის დამოუკიდებლად მითითება შეეძლოთ. კონკრეტულად რა ტექნოლოგიით მოხდება ასაკის დადასტურება, კანონში ჯერ განსაზღვრული არ არის. განიხილება ციფრული პირადობის მოწმობისა და ისეთი სისტემების გამოყენება, რომლებიც ასაკს მომხმარებლის სახელისა და სხვა პერსონალური მონაცემების სოციალური ქსელისთვის გადაცემის გარეშე დაადასტურებს.
აკრძალვა კონკრეტული აპლიკაციების ჩამონათვალით არ შემოიფარგლება. ის გავრცელდება პლატფორმებზე, სადაც მომხმარებლები ერთმანეთთან ურთიერთობენ, ფოტოებსა და ვიდეოებს აქვეყნებენ და ალგორითმების მიერ შერჩეულ კონტენტს იღებენ. შეზღუდვა არ შეეხება საგანმანათლებლო და სამეცნიერო რესურსებსა და ონლაინენციკლოპედიებს, მათ შორის Wikipedia-ს.
საფრანგეთის ხელისუფლება გადაწყვეტილებას არასრულწლოვანების მიერ სოციალურ ქსელებში გატარებული დროის ზრდით ხსნის. ქვეყნის მედიარეგულატორ Arcom-ის მონაცემებით, მოზარდები მედიაპლატფორმებზე დღეში საშუალოდ დაახლოებით 7.5 საათს ატარებენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, რომელშიც ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კანადაში მცხოვრები თითქმის 280 ათასი მოზარდი მონაწილეობდა, 11, 13 და 15 წლის ბავშვების 11%-ს სოციალური ქსელების პრობლემური გამოყენების ნიშნები აქვს. 2018 წელს ეს მაჩვენებელი 7% იყო. გოგოებში პრობლემური გამოყენების წილი 13%-ს, ბიჭებში კი 9%-ს შეადგენს.
სოციალური ქსელების ასაკობრივი შეზღუდვების გამკაცრებას ევროპის სხვა ქვეყნებიც გეგმავენ. მსგავსი ზომების მიღებაზე მუშაობენ დანია, ესპანეთი, პოლონეთი და სლოვენია. ესპანეთში სოციალური ქსელების დამოუკიდებლად გამოყენებისთვის მინიმალური ასაკის 16 წლამდე გაზრდა განიხილება.
წყარო:
https://euro-pulse.ru/news/francziya-pervoj-v-es-zapretila-detyam-do-15-let-polzovatsya-soczsetyami/