სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტში ფინანსური რესურსების მართვისა და საბიუჯეტო პარამეტრების დაგეგმვის კუთხით მნიშვნელოვანი ხარვეზები იკვეთება, რის გამოც ადგილობრივმა ბიუჯეტმა მილიონობით ლარის ათვისება ვერ შეძლო. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის (ინფრასტრუქტურული პროექტების) ნაწილში ბიუჯეტის ჯეროვანი შესრულება. კერძოდ, 2022 წელს ამ მუხლით გათვალისწინებული თანხების ათვისებას 14% დააკლდა, ხოლო 2023 წელს – 9%.
დოკუმენტის მიხედვით, მერიამ წლის ბოლომდე ვერ აითვისა საქართველოს მთავრობის განკარგულებით ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი სახსრები. შედეგად, ვერ დასრულდა ან დაგვიანდა ისეთი მნიშვნელოვანი სამუშაოები, როგორიცაა: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ქუჩებისა და სკვერების რეაბილიტაცია, გარე განათების სისტემების მონტაჟი.
აუდიტის ანგარიშში წერია, რომ ბიუჯეტის არასათანადო დაგეგმვამ გამოიწვია მნიშვნელოვანი მოცულობის საბიუჯეტო ნაშთების დაგროვება. თუ 2022 წლის დასაწყისში ნაშთი 2.5 მილიონ ლარს შეადგენდა, 2023 წლის ბოლოსთვის ამ მაჩვენებელმა 5 მილიონ ლარს გადააჭარბა (5,038.2 ათასი ლარი). აუდიტორები ასკვნიან, რომ ეს ფაქტი მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვაზე მიუთითებს.
ფინანსების ათვისების პრობლემასთან ერთად, აუდიტმა ხარისხის კონტროლის სერიოზული ხარვეზებიც გამოავლინა. დოკუმენტის თანახმად, 10 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტების განხორციელებისას სამუშაოების ნაწილზე ვერ იქნა მიღწეული დადგენილი ხარისხი, რის გამოც ობიექტების მდგომარეობა ექსპლუატაციაში შესვლიდან მოკლე პერიოდში გაუარესდა.
დოკუმენტში ყურადღება მახვიდელდება არარაციონალური ხარჯვაზე. მაგალითისთვის, მერიამ ერთ-ერთი სკოლის შენობის ნაწილის შესაკეთებლად 336.3 ათასი ლარი დახარჯა, თუმცა სამუშაოების დასრულებიდან მალევე დაიგეგმა ობიექტის სრული რეაბილიტაცია, რის გამოც ახლად შესრულებული სამუშაოების დემონტაჟი გახდა საჭირო. ფაქტობრივად, აღნიშნული თანხა არაეფექტიანად დაიხარჯა.
აუდიტის ანგარიშში მითითებულია სატენდერო კომისიის საქმიანობაში არსებული დარღვევებიც. კერძოდ, მუნიციპალიტეტმა 467.3 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა მიმწოდებელთან, რომელთანაც სატენდერო კომისიის წევრი ინტერესთა კონფლიქტის პირობებში იმყოფებოდა.
ფინანსური ხარვეზების გამოსასწორებლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აქვს რეკომენდაციები:
- სამშენებლო სამუშაოების კონტროლი: მერიამ უნდა დანერგოს სამუშაოების მიღება-ჩაბარების ახალი წესი, სადაც მკაცრად იქნება გაწერილი კონტროლის მექანიზმები, პასუხისმგებელი პირები და დაზიანების მიზეზების აღმოფხვრის გზები;
- საპროექტო დოკუმენტაციის ხარისხი: უნდა შეიქმნას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიღების წესი, რათა თავიდან იქნეს აცილებული უხარისხო პროექტების შესყიდვა და უზრუნველყოფილ იქნეს ბიუჯეტის თანაბარი ხარჯვა;
- საჯარიმო სანქციების ადმინისტრირება: აუცილებელია შემუშავდეს წესი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ხელშეკრულების დარღვევისას ჯარიმების გაანგარიშებას, დარიცხვასა და ბიუჯეტში ამოღებას;
- წყალმომარაგების სტრატეგია: მერიამ საკრებულოსთან ერთად უნდა შეიმუშაოს გეგმა მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებისთვის, რაც მოიცავს სისტემის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას;
- სრული ინვენტარიზაცია: კანონმდებლობის შესაბამისად უნდა ჩატარდეს ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია აქტივების დაცულობის გასაზრდელად;
- ა(ა)იპ-ების მართვის ოპტიმიზაცია: უნდა შეიქმნას მუნიციპალური იურიდიული პირების მართვის სტრატეგია, რომელიც შეაფასებს მათ სარგებლიანობას, საკადრო პოლიტიკას და უზრუნველყოფს სახსრების ეკონომიურ ხარჯვას;
- დასუფთავების მოსაკრებლის მობილიზება: უნდა შეიქმნას გადამხდელთა ერთიანი ბაზა და დაინერგოს მოსაკრებლის ამოღების ალტერნატიული მეთოდები ბიუჯეტის შემოსავლების გასაზრდელ.