მარტში, დეკემბერთან შედარებით, საკრედიტო პორტფელის წლიური ზრდის ტემპი 1.7პპ-ით გაიზარდა და გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 13.8% შეადგინა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
აღნიშნულ პერიოდში, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ზრდის ტემპმა მცირედით მოიკლო და 15.8% შეადგინა, ხოლო იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ზრდის ტემპი კი 3.6 პპ- ით გაიზარდა, 11.6%-მდე.
„ბიზნეს სესხების ზრდა სექტორულ ჭრილში ძირითადად სოფლის მეურნეობის და მეტყევეობის სექტორის დაკრედიტებამ განაპირობა. საკრედიტო პირობების კვლევის მიხედვით, მომდევნო კვარტალში საბანკო სექტორის წარმომადგენლები საცალო და ბიზნეს სესხებზე მოთხოვნის მცირედით ზრდას ელიან.
ვალუტების ჭრილში საგულისხმოა, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში საკრედიტო პორტფელის ზრდა, კვლავ, უმეტესწილად, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების ზრდით იყო განპირობებული. თუმცა მაინც აღსანიშნავია უცხოური ვალუტის სესხების ზრდის ტენდენცია.
პირველ კვარტალში უცხოური ვალუტის სესხების წლიური ზრდა 3.5 პპ-ით გაიზარდა და 11.3% შეადგინა. ხოლო ლარის პორტფელის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და 16.4% იყო.
შედეგად, პირველ კვარტალში სესხების ლარიზაციის მაჩვენებელი მხოლოდ ოდნავ გაიზარდა და, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 55.5%-ს გაუტოლდა“, - აღნიშნავენ სებ-ში.
სებ-ში მიიჩნევენ, რომ ლარიზაციის ზრდის პროცესი კვლავაც გაგრძელდება, რასაც ხელს შეუწყობს, მათ შორის, ბოლო პერიოდში მიღებული მაკროპრუდენციული ზომები და სარეზერვო მოთხოვნის განახლებული სქემა რომელიც ბანკებს დეპოზიტებისა და სესხების ლარიზაციის მოტივაციას უზრდის.