ბანკებს შესაძლო ფინანსური კრიზისის დაზღვევის მიზნით სარეზოლუციო ფონდში თანხების წინსწრებით მობილიზება მოუწევთ. 

ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი ეხება ყველა ბანკს, როგორც საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს, ისე უცხოური ბანკების ფილიალებს. წარმოდგენილი კანონპროექტით მათ ახალი ბუფერის შექმნა და სარეზოლუციო ფონდში გარკვეული ფინანსური სახსრების წინსწრებით აკუმულირების ვალდებულება უჩნდებათ.

რისკების შესამსუბუქებლად და კრიზისის მიმართ მზაობისთვის, სარეზოლუციო ფონდში წინასწარ თანხების აკუმულირება კომერციული ბანკების მიერ შენატანების განხორციელებით, წარმოადგენს საფინანსო სისტემისთვის ერთგვარ დამხმარე მექანიზმს. ეს არ გამორიცხავს რეზოლუციის მიზნებისთვის დროებითი სახელმწიფო დაფინანსების მოთხოვნის შესაძლებლობას, იმ შემთხვევაში, თუ სარეზოლუციო ფონდში აკუმულირებული თანხები ფინანსური კრიზისის დროს არ იქნება საკმარისი რეზოლუციის პროცესის დასაფინანსებლად“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ფონდის შექმნა რეზოლუციის ჩარჩოს ნაწილია, რომელიც ბანკის ფინანსური სირთულეების ადრეული იდენტიფიკაციისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებით შემუშავდა. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, თუ მოქმედი კანონმდებლობით, ფინანსური კრიზისის დროს რეზოლუციის მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება დროებით ფინანსური რესურსის გამოყოფა და მისი დაფარვის ვალდებულება შემდგომ წარმოეშობათ ბანკებს, წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით საბანკო სექტორს ფონდში თანხების კონტრიბუცია წინსწრებით მოუწევთ.