სემეკის გადაწყვეტილებით, მომდევნო 3 თვე დენის ტარიფი არ გაიზრდება. მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარზე რადიო „კომერსანტის“ ეთერში ET SYNERGY-ის დამფუძნებელმა მერაბ ლომინაძემ ისაუბრა.
როგორც მერაბ ლომინაძე განმარტავს, იმისთვის, რომ სრულფასოვნად დავინახოთ სურათი, რა ელის ქართულ ენერგეტიკას ტარიფების თვალსაზრისით, აუცილებელია, რამდენიმე ასპექტს გავუსვათ ხაზი.
„ძალიან მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი: გამოვიყენოთ ჩვენი რესურსები და საქართველო ამ მხრივ გამორჩეულია სხვა ქვეყნებისგან - მოგეხსენებათ, უკვე დღეს ჩვენს მიერ გენერირებული ელექტროენერგიის 75% და ცოტა მეტიც წილობრივად გენერაციის იმ ობიექტზე მოდის, რომელიც განახლებადი ელექტროენერგიის წყაროებად ითვლება, ხოლო მთელ მსოფლიოს თუ გადავავლებთ თვალს, სურათი საპირისპიროა და ჩვენ ნამდვილად მოწინავე რიგებში ვართ. მეორე - ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ერთი რამ:მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია, კერძო სექტორს, განსხვავებით სხვა დარგებისგან, ნაკლებად აქვს სურვილი, ჩაებას საინვესტიციო საქმიანობაში ენერგო გენერაციის ობიექტების მშენებლობის თვალსაზრისით ე.წ. გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების გარეშე, რომელიც ჯერ კიდევ 15 წლის წინ იყო შემოღებული. იშვიათი გამონაკლისების გარდა, პრაქტიკულად, ყველა მშენებარე გენერაციის ობიექტი სარგებლობს მაღალი ტარიფებით და სწორედ ეს გახლავთ ის მიზეზი, რომელიც წლიდან წლამდე საქართველოში ზრდის ელექტროენერგიის ფასს და არაფერი სხვა“, - აცხადებს მერაბ ლომინაძე.
მისივე თქმით, აუცილებელია ქსელში ინვესტირება, ვინაიდან საქართველოში დენის ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
„ალბათ, სანამ საქმე იმ დონემდე არ მივა, რომ მომხმარებელი სემეკში საჩივრების წერას დაიწყებს სემეკში იქნება თუ სხვაგან, სადაც მოითხოვს კომპენსაციას იმ ზიანის ანაზღაურებისთვის, რომელიც უხარისხო დენის გამო მიიღეს, რისი მრავალი მაგალითიც არსებობს საქართველოში, მანამდე უმჯობესი იქნება, ამ კომპანიებმა, იქნება ეს ელექტროსისტემა, ენერგოპრო თუ თელასი, მიიღონ გადაწყვეტილება და გააუმჯობესონ ქსელი. ამისთვის ერთმნიშვნელოვნად საჭირო იქნება ფინანსური რესურსი, რისი ერთ-ერთ და არა ერთადერთ წყაროს ტარიფის ზრდა წარმოადგენს“, - აღნიშნავს მერაბ ლომინაძე.
მერაბ ლომინაძე მიიჩნევს, რომ არსებობს არაერთი მექანიზმი და გზა, რომელიც ტარიფების მინიმუმ შენარჩუნების საშუალებას იძლევა.
„არსებობს სხვადასხვა მექანიზმი და გზა, რომელიც უზრუნველყოფდა ტარიფების ან ძალიან მცირედით ზრდას, ან შენარჩუნებას და რიგ შემთხვევაში, შეიძლება შემცირებასაც კი. მგონია, რომ სემეკმა ერთგვარი ტაიმ-აუტი აიღო იმისთვის, რათაალტერნატივების სწორად და ჯეროვნადგაანალიზდეს, რათა მიღებული გადაწყვეტილება ყველა მხარისთვის სამართლიანი იყოს“, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.