„არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ უძრავი ქონება გაიაფდეს“, - ამის შესახებ Geo Realty-ის დამფუძნებელმა მაია გამზარდიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეისთვის უძრავ ქონებაზე მოთხოვნა არის, თუმცა ადამიანებს ყიდვის გადაწყვეტილების მიღება უჭირთ. როგორც მაია გამზარდია ამბობს, მოქალაქეებს აქვთ მოლოდინი, რომ ღირებულება შემცირდება.
„უძრავ ქონებაზე მოთხოვნა არის, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება უჭირთ ადამიანებს, იმიტომ, რომ რაღაცნაირად არასტაბილურობის მოლოდინი აქვთ და ამასთანავე, რატომღაც აქვთ განცდა, რომ უძრავი ქონების ფასები შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს და ბევრად იაფად იყიდონ, ვიდრე ახლანდელი ბაზარი სთავაზობს. იქიდან გამომდინარე, რომ გადაწყვეტილების მიღების დრო გაზრდილია, თუ ამას ტრანზაქციებში გადავიტანთ, ჩანს, რომ შედარებით ნაკლები გაყიდვებია“,- ამბობს მაია გამზარდია.
კითხვაზე, რა უჩენს მომხმარებელს იმის განცდას, რომ უძრავი ქონება გაიაფდება და არსებობს თუ არა ამის რეალური საფუძველი, მაია გამზარდია აღნიშნავს, რომ ამის მიზეზია „ექსპერტული“ არასწორი მოლოდინები. სინამდვილეში კი ამის არანაირი წინაპირობა არ არის. „ამ განწყობას ქმნის, ძალიან ბევრი ვითომ ექსპერტული, არასწორი მოსაზრება. მე „ფეისბუკ“ ჯგუფებშიც ვუყურებ როგორი ვითარება გვაქვს და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც არ არის კომპეტენტური და არ აქვთ ცოდნა ასეთი პროგნოზების გაკეთებისთვის, ამბობს, რომ ფასები დავარდება, კაპიკებში გაიყიდება. ჩემი აზრით, უბრალოდ, ამის მასობრივი სურვილია და ამას წერენ ყველგან. შესაბამისად, განწყობას ქნიან ადამიანებში. რეალურად, იმის საფუძველი არ არსებობს, რომ უძრავი ქონება გაიაფდეს.
არანაირ განსაკუთრებული ცოდნის მოშველიება არ არის საჭირო იმისთვის, რომ ელემენტარულად შევხედოთ, როგორ იზრდება ფასები მსოფლიოში, თვითონ უძრავი ქონების თვითღირებულება, დაწყებული მიწის ფასით, რომელიც არასდროს მცირდება, დასრულებული მუშის ხელფასით, სამშენებლო მასალით, გადასახადებით. ასევე, აქ მნიშვნელოვანია რეგულაციები, რომელიც მშენებლობის ხარისხს ეხება, რაც საბოლოო ჯამში ზრდის ღირებულებას.
ამიტომ, საერთოდ არ ველოდები ფასების შემცირებას. სიმართლე რომ გიხრათ, მე როგორც უბრალოდ მოქალაქეს მირჩევნია, უბრალოდ ყველას გვქონდეს ძვირიანი უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობა, ვიდრე ის, რომ ბინები კაპიკები ხდებოდეს ქვეყანაში. ეს მაინცდამაინც კარგი ეკონომიკური მაჩვენებელი არ არის. ჯობია, შემოსავალი იყოს სტაბილური და მაღალი, რომ ძვირიანი უძრავი ქონება ვიყიდოთ“,- ამბობს მაია გამზარდია.