მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების მოცულობამ 6 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ყველაზე დიდი მოცულობის საინვესტიციო პორტფელი კვლავ კონსერვატიულია. დეკემბრის ბოლოს დაბალრისკიანი პორტფელის მოცულობამ თითქმის 6 მილიარდ ლარს მიაღწია. ყველაზე მცირე მოცულობის პორტფელად კი ამ დრომდე მაღალრისკიანი ანუ დინამიკური პორტფელი რჩება, რომელიც რეალური ამონაგების მხრივ კვლავ ლიდერობს.

გარდა ამისა, მიმდინარე წლიდან, მოქალაქეების საპენსიო დანაზოგების ეფექტიანად ინვესტირებაზე პასუხისმგებელი საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო იქნება, რომლის წევრები კონკურსის გზით შეირჩევიან, მაგრამ დანიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აღნიშნული ცვლილება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში 2024 წლის ზაფხულში განხორციელდა. შედეგად, საქართველოს საპენსიო ფონდში ნაცვლად არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებისა, იქმნება საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო - მმართველობითი საბჭო.

ფინანსისტ პაატა ბაირახტარის შეფასებით, მმართველობითი საბჭოს წევრები კომპეტენციით უნდა იყვნენ არჩეულნი და არა პოლიტიკური ჯგუფების მიხედვით. ბაირახტარი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ თუ მთავრობა, საქართველოს პარტნიორების მხრიდან შეჩერებულ ინვესტიციებს საპენსიო ფონდიდან დააფინანსებს, ეს მის სტრუქტურას სრულად ამოაყირავებს.

„დეკემბრის მოცემულობით, 6.1 მილიარდია საპენსიო ფონდში აკუმულირებული. რაც შეეხება საფრთხეებს, უნდა გავმიჯნოთ, რას მოვიაზრებთ ამ საფრთხეში. თუ ვფიქრობთ დანაზოგების არასწორ ინვესტირებაზე, ჩვენ ვიცით, რომ სამი პორტფელი გვაქვს: ტრადიციული, დინამიკური და შერეული პორტფელები. თუ ამ პორტფელების ამონაგებს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ისინი დაახლოებით ერთნაირ ამონაგებზე მუშაობენ, განსხვავება ორგან გვაქვს და ისიც 3%-მდე. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით, მაღალ რისკს მე ვერ ვხედავ. მით უმეტეს, უნდა გავითვალისწინოთ კანონმდებლობა, რომლითაც ძალიან მკაცრადაა რეგლარიმენტირებული თუ რა პროცენტული მაჩვენებლით და რა რაოდენობის თანხის ინვესტირება შეიძლება. რაც შეეხება, მმართველობითი საბჭოს ცვლილებას, რომელიც პრემიერის მიერ დაკომპლექტდება, ამ ცვლილებას მე არ მივესალმები. მიმაჩნია, რომ საბჭო არა კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ან თანამდებობის პირების მიერ უნდა კომპლექტდებოდეს, არამედ სპეციალისტების მიერ. კანონის მიხედვით, მკაცრად არის რეგლამენტირებული, რომელი რისკის შემთხვევაში, რა რაოდენობის აქტივები უნდა განთავსდეს, ასევე ის, თუ რა რაოდენობის თანხა უნდა განთავსდეს საბანკო ანგარიშებზე. აქტიურად იყო საუბარი, რომ საპენსიო აქტივებით რაღაც ტიპის პროექტები უნდა დაფინანსდეს,კანონი ამ უფლებას არ იძლევა და იმედი მაქვს, გვერდის ავლას არავინ ცდილობს. ძნელია რამე გამორიცხოთ, თუმცა თუ ასე იქნება, ეს საპენსიო ფონდის მიდგომებისა და სქემის ამოყირავებაა“,- აღნიშნა ბაირახტარმა “კომერსანტის“ ეთერში.