ახლად შექმნილი დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის მცირე საგრანტო დაფინანსებით სარგებლობის პროექტები დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
„აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ დაცული ტერიტორიების შექმნა არამარტო უნიკალური ბუნების დაცვას ემსახურება, არამედ ახალ შესაძლებლობებს ქმნის ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ხელს უწყობს თემების გაძლიერებას.
მცირე საგრანტო პროექტების მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის წახალისებას, განავითარონ საკუთარი საქმიანობა თუ მცირე ბიზნესი, რაც დადებითად აისახება როგორც შინამეურნეობის, ისე ადგილობრივი ეკონომიკის გაუმჯობესებაზე.
მცირე საგრანტო პროექტების ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოხდა საჭიროებისამებრ ისეთი ხელსაწყოების თუ მასალების შეძენა, რომელიც დაეხმარება მათი საქმიანობის განვითარებაში მესაქონლეობის, მეფრინველეობის, მებაღეობის, მეფუტკრეობის, მებოსტნეობის მიმართულებით. აღნიშნული მცირე გრანტებით მოხდა სოფლის სკვერის მოწესრიგება, საოჯახო ფერმის მოწყობა, ჰელიო და სარწყავი წყლის სისტემების მონტაჟი, ელექტრო წისქვილის შეძენა, ტრადიციული ქსოვის ხელშეწყობისთვის მასალების შეძენა და სხვა. საგრანტო პროექტები მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებასაც, მათ შორის, რეკრეაციული ზონის აღჭურვას შესაბამისი ინვენტარით.
დღეისათვის, უკვე გაცემულია 190 000 ლარამდე ღირებულების მცირე გრანტი, რომლითაც 130-მდე ოჯახმა ისარგებლა. აღნიშნული მცირე საგრანტო პროექტები სარგებლის მომტანი იქნება 2 000-ზე მეტი ადამიანისთვის.
დაფინანსების მიღება შეუძლიათ რაჭის ეროვნული პარკის, კვერეთის აღკვეთილის და ერუშეთის დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას. უახლოეს მომავალში პროგრამით ტანას აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობაც ისარგებლებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.