„თუ ბაზარზე ახალი მოთამაშე შემოვა, კონკურენცია გაიზრდება“ - ამის შესახებ საქართველოში „პროკრედიტ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ალექს მატუამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „სანდრო ვეფხვაძე შენობით ბიზნესთან“ განაცხადა.
ასევე, ალექს მატუას განცხადებით, თუ ქვეყანაში არაფორმალური შემოსავლები გაგრძელდება და მხოლოდ დიდი ბიზნესი იქნება დეკლარირებული, ეს დიდ ეკონომიკურ ინკლუზიურ ზრდას ვერ შექმნის.
„პროკრედიტ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ასევე განმარტა, თუ რატომ არ იყვნენ ბოლო პერიოდში აქტიურები მშენებლობების დაკრედიტების მიმართულებით და უნდა ველოდოთ თუ არა ამ მიმართულებით ცვლილებებს მომავალში.
„ბიზნესპრესნიუსი“ გადაცემას მცირედი შემოკლებით გთავაზობთ:
ვიცით, რომ ბანკი იზრდება, ვითარდება. რას გვეუბნება რიცხვები, განწყობები და მათ შორის, კლიენტების რაოდენობა?
ვფიქრობ, 2024 წელი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული იყო ბანკისთვის, მაინც წარმატებული წელი გამოდგა, იქიდან გამომდინარე, რომ გვქონდა 25%-იანი ზრდა დეპოზიტებში, 14%-იანი ზრდა - სესხებში , კარგი ხარისხი კლიენტების რაოდენობის და რაც მთავარია, ახალი პროექტები, რომლებიც 2024 წელს ჩავუშვით და რომლებმაც საკმაოდ კარგად იმუშავა. გვქონდა სპეციალური პირობები ელექტრომობილებზე, ამით გვსურს, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოში ავტოპარკის განახლებას. ამ წლის დასაწყისში უკვე რამდენიმე კომპანია მოვიდა, რომელსაც უნდა შეიძინოს 30-40 ელექტრომანქანა და ამ კუთხით მინდა, რომ მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტი იყოს ბანკისგან, რადგან ჩვენ ვართ ბიზნესზე ორიენტირებული ბანკი და გვინდა ბიზნესის განვითარებაში ჩვენ ჩვენი კონტრიბუცია შევიტანოთ. ეს არის ჩვენი როლი როგორც ევროპულის, გერმანული ბანკის. როცა საკითხი შეეხება „მწვანეს“, გვინდა, რომ სულ პირველები ვიყოთ.
როგორ გვესახება ნულოვანი ემისიის საქართველოს ეკონომიკა? ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ მივდივართ ქარის საწინააღმდეგოდ, რადგან საქართველოში ეკოსისტემა არ არის მაინცდამაინც მწვანე. რა პრობლემებს ვაწყდებით ამ კუთხით?
მოდი ასე შევხედოთ , ჩვენ ამის კეთება 2011 წლიდან დავიწყეთ და 2011 წელი რომ შევადაროთ დღევანდელობას, ძალიან დიდი პროგრესია. როდესაც ეს აქტივობა დავიწყეთ, მათ შორის, ორგანიზაციაში და შემდეგ კლიენტებზე, ცნობიერების დონე იყო ნულის ტოლი. რაც ნიშნავს, რომ ძალიან დიდი რესურსი უნდა ჩაგვედო თანამშრომლების განვითარებაში. ჩვენ ყოველწლიურად ვატრენინგებთ თანამშრომლებს და ვზრდით ცნობიერებას. შემდეგ უკვე დავიწყეთ პროექტები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინკლუზიურობას. ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირს და მის დირექტივებს. „პროკრედიტ ბანკი“, „იბიარდთან“, ევროპის საინვესტიციო ფონდთან ერთად ბევრ პროდუქტებს უშვებდა. ინოვაციური პროექტების დაფინანსება, გრანტის კომპონენტით, „იბიარდთან“ ერთად დღესაც გვაქვს. 10-15% -იანი გრანტი ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისათვის. ეს აძლევს ბიზნესს ორი ტიპის ბენეფიტს, ერთი - გრანტის კომპონენტი, მეორე - ისეთი ინვესტიციის განხორციელება, რომელიც გარემოზე პოზიტიურად აისახება. შეიძლება ვთქვათ, 2030 წლისთვის ისეთ დონეზე მივალთ, რომ საქართველოში უკვე ეს შესამჩნევი იქნება. ასევე, რეგულაციებიც შეიცვალა. 2023 წლის შემდეგ ნებისმიერი გაცემული ნებართვა სამშენებლო მიმართულებით, ფაქტობრივად, შეგიძლია ჩათვალო, როგორც მწვანე დაფინანსება, მწვანე პროექტი.
როგორ ფიქრობთ, მზის პანელების ნაწილმა რატომ დაწერა ასეთი აღმავალი ტრენდი ბოლო პერიოდში?
ეს სამი ძირითადი კომპონენტის გამო მოხდა პირველი - ტექნოლოგია ისე განვითარდა, რომ თვითღირებულება და კომერციული ინტერესი გააჩინა, მაგრამ საინვესტიციო მოცულობა შემცირდა, მეორე კომპონენტი - ეს არის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობა, რომელმაც თავისი კომპონენტები შემოიტანა დაფინანსებაში და მესამე ის, რომ მზაობა გახსნა საფინანსო ინსტიტუტებთან, რომლებიც ხელს უწყობენ პროექტების რეალიზებას.
როცა დავიწყეთ ეს დაფინანსების პროექტი, 3-4 კომპანია შევარჩიეთ, რომელთან ერთადაც პარტნიორულად დავიწყეთ ამ პატარა პროექტების რეალიზება და აქედან გამომდინარე, პატარა პროექტების ნეტო აღრიცხვაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა ბევრ ბიზნეს კლიენტს თავის საწარმოში.
რაც შეეხება დაკრედიტებას. თქვენ ხართ ყველაზე ბიზნეს მეგობრული ბანკი და ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ არის. ძალიან დიდი პატივისცემა თქვენ და ყველა კომერციულ ბანკს, მაგრამ საქართველოში თითქოს ვერ გავარღვიეთ დახურული წრე, მაინტერესებს რა უნდა იყოს ის ყინულმჭრელი, რაც საფინანსო სისტემას ინკლუზიურს გახდის, როგორც არის გერმანიაში, ბრიტანეთში?
გერმანიაში ბიზნესის საშუალო კლასი არის 70%, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენს რეალობაში, ან ძალიან დიდია ბიზნესი, ან ძალიან პატარა. ეკონომიკის ხერხემალი უნდა იყოს მცირე და საშუალო ბიზნესი. გერმანიაში, მაგალითად, ბანკები ფოკუსირებულები არიან ერთ მიმართულებაზე. ანუ ბანკი, რომელიც აფინანსებს მხოლოდ მწვანეს, ან მხოლოდ აგრო მიმართულებას, ამიტომ მცირე ბიზნესების განვითარება ხდება სწრაფად. ჩვენთან ინკლუზიურობის მაჩვენებელი არ არის მაღალი. ფორმალიზაცია რომ ავიღოთ, შეიძლება 1% გგქონდეს გადასახდელი, მაგრამ ამის დეკლარირება არ ხდება. შეიძლება ითქვას, რომ 30-40% არადეკლარირებული შემოსავალია, ეს არის შესაცვლელი.
როგორ იმოქმედებს ეს ეკონომიკაზე, გარემოზე? ფინანსურ ინსტიტუტს უფრო ნაკლები რისკი აქვს ამ შემთხვევაში. დაბალ საპროცენტო განაკვეთში მოხდება სესხის გაცემა და შესაბამისად, უფრო მეტად განვითარდება ეს სექტორი და ბიუჯეტში უფრო მეტი შემოსავალი შევა. აქ უნდა იყოს არა დასჯის მეთოდი, არამედ უფრო კოლაბორაცია ფინანსურ ინსტიტუტებთან, ფინანსთა სამინისტროსთან. აღსრულების ნაწილიც ისე უნდა იყოს, რომ არ იყოს ჯარიმა ან დასჯა და ამის ნაცვლად იყოს მოტივაციის შექმნა. თუ გაგრძელდება არაფორმალური შემოსავლები და ამ ქვეყანაში და მხოლოდ დიდი ბიზნესები იქნება დეკლარირებული, ეს დიდ ეკონომიკურ ინკლუზიურ ზრდას ვერ შექმნის.
ძალიან აქტიურად მუსირებს აზრი, რომ საქართველოში შეიძლება შემოვიდეს მსხვილი ფინანსური ინსტიტუცია აზიის უმსხვილესი ბაზრიდან. დადგა დღის წესრიგში ჩინური ფინანსური ინსტიტუტის შემოსვლის საკითხი, რამდენად განხორციელდება ეს, არავინ არ იცის, ეს არის მხოლოდ ინფორმაცია და კონკრეტული ფაქტი ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს. თუ ბაზარზე შემოვა მსხვილი ფინანსური მოთამაშე, თუნდაც არა ჩინეთიდან და შემოვა სხვა ქვეყნიდან, რა პრეფერენციას გააჩენს ეს ქართულ ბაზარზე ადგილობრივი მოთამაშეებისთვის, მათ შორის თქვენთვის? რამდენად იქნება ეს ერთგვარი ტონუსში მოყვანის წინაპირობა?
დავიწყოთ იქიდან, რომ როგორც თქვენ თქვით, ზუსტად იგივე ინფორმაცია მაქვს მეც. რა თქმა უნდა, ეს აჩენს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რომ რა ზეგავლენა უნდა მოახდინოს საბანკო სექტორზე, ბიზნეს გარემოზე და ა.შ. ჩვენ ვამბობთ, რომ კონკურენცია არის, გვაქვს რეგულაციები, თანაბარი პირობები, მაგრამ თანაბარი პირობების არსებობა არ ნიშნავს ჯანსაღ კონკურენციას. თუ ვთქვათ ჩემი ბიზნესი არის რაღაც 2 მილიარდი ლარი, მაგრამ მეორე დიდი ბიზნესი 1%-ია 2 მილიარდი ლარი, მაშინ ჩვენ კონკურენციის თანაბარ პირობებში ვერ შევალთ. ამ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის იმედი მაქვს, რომ ჯანსაღი კონკურენტული გარემო გაუმჯობესდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ვხედავთ ჩვენ დიდ გამოწვევებს, იმიტომ რომ ფასზეც მოქმედებს ეს. მარტო საპროცენტო კი არ არის პრობლემა, იგივე თქვენ რომ შეხედოთ მომგებიანობას, საპროცენტო შემოსავლის, არანაკლები არის, მათ შორის საკომისიო შემოსავლები, სავალუტო ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლები და ა. შ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი მოთამაშე შემოვიდეს ახალი ხედვით, ახალი ტექნოლოგიით და კონკურენცია გაზარდოს. თუ დიდი მოთამაშე იქნება, რა თქმა უნდა, კონკურენციას ალბათ, ხელს შეუწყობს. თუმცა, არ ვიცი, რამდენად არის ბაზარი ამისთვის მზად .
ბევრმა დეველოპერმა გვითხრა, რომ ბანკები ბოლო 2-3 თვის განმავლობაში, მშენებლობების დაკრედიტების კუთხით, იყვნენ ცოტა კონსერვატიულები და ცოტა ფრთხილები. რით იყო ეს განპირობებული?
სამშენებლო სექტორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა ეკონომიკაში. პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენ ამ სფეროში აქტიურები არ ვიყავით. ბევრი პროექტი დავაფინანსეთ, მაგრამ ფრთხილად ვეკიდებოდით, ბევრ პროექტებში არ შევდიოდით, უფრო ზომიერად ვიყავით. ბოლო 2-3 თვეა, რაც ეს მესიჯი გავრცელდა და მეც ბევრი განცხადება შემომივიდა, ითხოვდნენ დაფინანსებას. „ყველა ახალი პროექტის დაფინანსება საბანკო სექტორმა გააჩერა“ - ეს იყო პირველი წინადადება, რასაც მშენებელი მეუბნებოდა. მიზეზი, რასაც ამბობდნენ, ეს არის კონცენტრაციის ზრდა, იმიტომ, რომ თუ ბანკი აქტიურია და მის პორტფელში სამშენებლო სექტორის ან სხვა სექტორის წილი ძალიან მაღალია, რა თქმა უნდა, რისკის მაჩვენებელი ქვემოთ ეცემა და შესაბამისად, ერთ-ერთი არგუმენტი, რომლის გამოც, შედარებით შეზღუდული დაფინანსება დაიწყო, იყო ეს.
ჩვენ რადგან აქტიურები არ ვიყავით, ჩვენთან განაცხადების რაოდენობა გაიზარდა, შესაბამისად, ჩვენ კონცენტრაცია მაღალი არ გვაქს და გარკვეული პროექტების დაფინანსება განვახორციელეთ. დღეს მოთხოვნა გაზრდილია და დაბალი და საშუალო მოცულობის პროექტებს ვაფინანსებთ. თუმცა, ჩვენც ჩვენი ლიმიტი გვაქვს ამ მიმართლებთ. არ შეიძლება კონცენტრაცია გაიზარდოს და იყოს 15% ან 10%. ეს არის ძირითადი მიზეზი, რაც ჩვენც რაციონალურად და ლოგიკურად გვეჩვენება.