აგვისტოში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპი 0.1 პპ-ით შემცირდა და წლიურმა
ზრდის ტემპმა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) 14.8% შეადგინა – ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის ოქტომბრის „თვის მიმოხილვაში“.

აღნიშნული, მეტწილად, ეროვნული ვალუტის დაკრედიტების ზრდის ტემპის კლებამ განაპირობა. ეროვნული ვალუტით დაკრედიტების წლიური ზრდის ტემპი წინა თვესთან შედარებით 0.7 პპ-ით შემცირდა და 18.8% შეადგინა. მთლიანი სესხების ზრდაში კი 10.6 პპ-იანი წვლილი ეროვნული ვალუტით დაკრედიტებამ შეიტანა. დაკრედიტების ზრდაში მთავარი წვლილი კვლავ ბიზნესის სესხებს შეაქვს რომლის წვლილი მთლიან სესხების ზრდაში 7.4 პპ შეადგენს. სამოხმრებლო სესხების ზრდის ტემპი შენელებას განაგრძობს. აგვისტოში წინა თვესთან შედარებით 0.5 პპ-ით 22.7%-მდე მოიკლო და მთლიანი სესხების ზრდაში 4.4 პპ წვლილი შეიტანა.

აგვისტოში, სესხების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი, წინა თვესთან შედარებით, 0.1 პპ-ით გაიზარდა
და 13.6% შეადგინა. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.4 პპ-ით შემცირდა და 9.4%-
ს გაუტოლდა, ხოლო ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით, 15.8%-მდე,
გაიზარდა.

აგვისტოში, იურიდიულ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი, წინა
თვესთან შედარებით, 0.3 პპ-ით გაიზარდა და 13.4% შეადგინა. ეროვნული ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით, 13.0%-მდე, შემცირდა. წინა თვესთან შედარებით, იურიდიულ პირებზე უცხოური ვალუტით გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 0.8 პპ-ით, 9.6%-მდე, შემცირდა. უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთი კი 0.1 პპ-ით, 8.1%-მდე გაიზარდა.

აგვისტოში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია არ შეცვლილა და 42.4%-ის დონეზეა. იურიდიული
პირების სესხების დოლარიზაცია, წინა თვესთან შედარებით 0.3 პპ-ით გაიზარდა და 64.0% შეადგინა. ფიზიკური
პირების სესხების დოლარიზაცია კი 0.1 პპ-ით შემცირდა და 23.3% შეადგინა.

აგვისტოში, ვადაგადაცილებული სესხები, წინა თვესთან შედარებით, 3.5 მლნ ლარით გაიზარდა და 601.5 მლნ ლარს გაუტოლდა. ვადაგადაცილებული სესხების 44.8% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული - ნათქვამია „თვის მიმოხილვაში“.