„აღდგომის დღესასწაულის შემდეგ კვერცხი არ გაძვირებულა, ზოგან გაიაფდა კიდეც, ჩვენ ვასრულებთ ჩვენს დანაპირებს“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მწარმოებლები ფასების კომისიის მუშაობის დასრულებას ელოდებიან და იმედოვნებენ, რომ ის პრობლემები რაც მათ აწუხებთ გადაიჭრება.
“აღდგომის დღესასწაულის შემდეგ კვერცხის თვითღირებულება, ფაქტობრივად, არ შეცვლილა, ერთადერთი საწვავის გაძვირებამ იქონია გარკვეული გავლენა, თუმცა კვერცხზე ფასების მომატება საჭირო არ გახდა. ბაზარს არ აკლია კვერცხი და საჭირო რაოდენობით იწარმოება. რაც შეეხება ფასს, ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს არსად გაზრდილი არ არის, პირიქით, უფრო გაიაფებისკენაც წავიდა, რადგან აღდგომების დღესასწაული შემდეგ კვერხზე მოთხოვნა შემცირდა.
ჩვენ ვასრულებთ ჩვენს დანაპირებს და ფასების კომისიის მუშაობის დასრულებამდე კვერცხზე ფასს არ ვცვლით. ახლა ველოდებით კომისიის მუშაობის დასრულებას, სადაც გვაქვს მოლოდინი, რომ ისეთი ცვლილებები შევიდეს, რომლებიც ჩვენ დაგვეხმარება, მათ შორისაა ქსელურ და არაქსელურ სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობა, ასევე დღგ-ს ან ქეშებექებთან დაკავშირებით შესაძლო ცვლილებებიც“. - აღნიშნა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.