რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლების ტენდენცია გრძელდება. სებ-ის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოში რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილები წლიურად 28%-ით, 263.5 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.
შედეგად, რუსეთის ფედერაცია, რომელიც გასული წლის იანვარ-ივლისში პირველ ადგილზე იყო ქვეყნების ჩამონათვალში, ახლა უკვე მესამე პოზიციაზეა აშშ-სა და იტალიის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის წილი ფულად გზავნილებში მიმდინარე წლის იანვარში ისტორიულ მინიმუმამდე - 10.5%-მდე შემცირდა, ხოლო შემდეგ გაიზარდა და ივლისის მონაცემებით 13.43%-ია.
საგულისხმოა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მიგრაციის ეფექტის გავლენით, 2022 წელს რუსეთიდან ფულადი გზავნილები რეკორდულ დონემდე გაიზარდა და $2 მილიარდს გადააჭარბა, მაღალი იყო მაჩვენებელი 2023 წელსაც, შემდგომ კი ნორმალიზება დაიწყო.
ბოლო 5 წელში, რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული გზავნილების დინამიკა ასეთია:
- 2021 წელი - $411.4 მლნ/წილი მთლიან გზავნილებში 17.5%
- 2022 წელი - $2 მლრდ 68 მლნ/წილი მთლიან გზავნილებში 47.3%
- 2023 წელი - $1.5 მლრდ/წილი მთლიან გზავნილებში 36.9%
- 2024 წელი - $541.2 მლნ/წილი მთლიან გზავნილებში 16.1%
- 2025 წელი (7 თვე) - $263.5 მლნ/წილი მთლიან გზავნილებში 12.8%
2025 წლის ივლისში რუსეთიდან გზავნილები წლიურად 0.5%-ით შემცირდა და 45.3 მლნ აშშ დოლარით მესამე უმსხვილესი კონტრიბუტორია.