2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 145.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დეფიციტის შეფარდება მშპ-სთან 2.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და 1.4% შეადგინა.
პირველ ნახევარშიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შეფარდება მშპ-სთან შემცირდა და 2.5% შეადგინა.
მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი საქონლით ვაჭრობის ბალანსმა შეიტანა. 2026 წლის მეორე კვარტალში საქონლის ექსპორტი წლიურად 20.2%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად ადგილობრივი საექსპორტო პროდუქციის ზრდას უკავშირდება. ამავე პერიოდში საქონლის იმპორტი 10.1%-ით გაიზარდა.
შედეგად, სავაჭრო დეფიციტის შეფარდება მშპ-სთან წლიურად 2.7 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და 14.9% შეადგინა.
მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაზე ასევე დადებითად აისახა შემოსავლებისა და მიმდინარე ტრანსფერების ანგარიშის დინამიკა.
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კომპიუტერული და საინფორმაციო, ანუ ICT მომსახურების ექსპორტმაც, რომელიც მეორე კვარტალში წლიურად 79.8%-ით გაიზარდა და მშპ-ის 3.8% შეადგინა.
ICT სექტორის ზრდამ ნაწილობრივ დააბალანსა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შემცირების გავლენა მომსახურების ბალანსზე. მეორე კვარტალში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით შემცირდა, ხოლო მათი შეფარდება მშპ-სთან 1.8 პროცენტული პუნქტით, 10.5%-მდე შემცირდა.
ამასთან, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კლება შედარებით ზომიერი იყო, რადგან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემცირებული შემოსავლები სხვა ქვეყნებიდან გაზრდილმა შემოდინებებმა დააბალანსა.
მიმდინარე ანგარიშის დაფინანსების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ კვლავ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რჩება. 2026 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მშპ-ის 4.5% შეადგინა.