ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავმა ნავთობტანკერმა NOSTOS [IMO: 9258014], ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსეთიდან ნედლი ნავთობის მორიგი პარტია ჩამოუტანა.

40 143 ტონა ნედლი ნავთობით დატვირთული გემი ყულევის საზღვაო ნავსადგურში 8 იანვარს შევიდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ნავთობტანკერმა NOSTOS ყულევის ნავსადგური 12 იანვარს დატოვა და უკან, ნოვოროსიისკის პორტისკენ გაემართა.

„[ნავთობტანკერი] დატვირთული იყო რუსული კომპანიიდან, ერთ-ერთი უცხოური შუალედური კომპანიის მიერ, ქართული კომპანიისთვის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურაში მოქცევისთვის განკუთვნილი 40 143 ტონა ნედლი ნავთობი“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

მოგვიანებით, შემოსავლების სამსახურში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ ნედლი ნავთობი ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის იყო განკუთვნილი.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთზე, არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. გამომდინარე აქედან, იგი კანონმდებლობის სრული დაცვით შემოვიდა ქვეყანაში და ტვირთი მოექცა იმპორტის პროცედურაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში – მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება,“ – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

განცხადება გაავრცელა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომაც, რომელიც წერს, რომ „გემის რეგისტრირებული მფლობელი და კომერციული ოპერატორი წარმოადგენენ საერთაშორისო რეესტრებში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (საბერძნეთი), გემი დაფარულია საერთაშორისო სადაზღვევო მექანიზმებით, მათ შორის ბერმუდის, ნორვეგიული ფილიალის P&I დაზღვევით, გააჩნია მოქმედი Hull & Machinery დაზღვევა (ბერძნული) და იმყოფება ავტორიტეტული ფრანგული საკლასიფიკაციო საზოგადოების Bureau Veritas ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ“.

  • რა ვიცით ნავთობტანკერ NOSTOS-ის შესახებ

ნავთობტანკერი NOSTOS 2003 წელსაა აგებული. ის საშუალო დისტანციის ნავთობპროდუქტების ტანკერია. ძირითადად ნავთობპროდუქტებისა და თხევადი ტვირთების გადასატანად გამოიყენება.

გემის მიმოსვლის მარშრუტის მიხედვით, ბოლო წლებში NOSTOS-ი უმეტესწილად შავი ზღვის რეგიონში გადაადგილდება.

AIS-ის (ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემის) მონაცემების მიხედვით კი, NOSTOS-ი ხშირად შედის თურქეთის, საბერძნეთისა და შავი ზღვის პორტებში.

გემზე ინფორმაცია იძებნება უკრაინის თავდაცვის დაზვერვის – GUR-ის მიერ შექმნილ საინფორმაციო პორტალზე War & Sanctions (ომი და სანქციები), რომელზეც ქვეყნდება ინფორმაცია ცალკეულ პირებზე, კომპანიებსა და ობიექტებზე, რომლებიც უკრაინის ხელისუფლების მიხედვით, მონაწილეობენ რუსეთის აგრესიაში, ან ეხმარებიან სანქციების გვერდის ავლაში.

War & Sanctions-ზე გამოქვეყნებულია ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერის NOSTOS-ის [IMO: 9258014] შესახებ ინფორმაცია.

ამ ინფორმაციის თანახმად, გემი ამ ეტაპზე არაა სანქცირებული, თუმცა War & Sanctions-ის მონაცემებით, „NOSTOS-ი ჩართული იყო მრავალრიცხოვან გემი-გემზე (STS) გადატვირთვებში ქერჩის სრუტესა და საბერძნეთის სიახლოვეს“.

„NOSTOS-მა 2022 წლის ივლისიდან დაიწყო რუსული ნედლ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება, მანამდე კი მონაწილეობდა ირანული ნედლ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვაში.

G7-ისა და ევროკავშირის მიერ რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე დაწესებული ნავთობის ემბარგოსა და ფასის ზედა ზღვრის (price cap) პოლიტიკის მოქმედების პერიოდში, ტანკერი მონაწილეობდა რუსული ნედლ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტში რუსეთის პორტებიდან.

NOSTOS იყენებდა მოტყუებით და მაღალი რისკის პრაქტიკებს – AIS-ის გამორთვას, ე.წ. „ბნელ აქტივობებს“, გემი-გემზე (STS) გადატვირთვებს, მათ შორის ევროპის ქვეყნებთან ახლოს, რუსეთის ფედერაციის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ოპერატორებთან აფილირებული გემების მონაწილეობით.

გემი შედიოდა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე პორტებში, კერძოდ – კამიშ-ბურუნის პორტში 2025 წლის სექტემბერში.

2025 წლის სექტემბერში ტანკერმა ნოვოროსიისკის პორტიდან, მათ შორის შესხარისის ტერმინალიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით გადაიტანა 65 000 ტონაზე მეტი რუსული ნავთობპროდუქტი,“ – ნათქვამია War & Sanctions-ზე გამოქვეყნებულ ნავთობტანკერის პროფილში.

batumelebi.netgazeti.ge