შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში 5 აგვისტოს სხვადასხვა ერის წარმომადგენლები პლანეტის ეკოსისტემის პლასტმასით დაბინძურების პრობლემის გადასაჭრელად შეიკრიბნენ. ეს რიგით მეექვსე შეხვედრაა. 

შეხვედრაზე განიხილეს პლასტმასის წარმოების შემცირების, პლასტმასის დიზაინის შეცვლისა და მისი გადამუშავების, ასევე, მისი დამზადების პროცესში ტოქსიკური ქიმიკატების შეზღუდვის საკითხები. თუმცა, როგორც ჩანს, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზეც კი, როგორიც დედამიწის პლასტმასით დაბინძურებაა, სახელმწიფოები კონსენსუსის მიღწევას ვერ ახერხებენ.

უდიდესი ნავთობმწარმოებელი ქვეყნები პლასტმასის წარმოების შემცირებას ეწინააღმდეგებიან და მიიჩნევენ, რომ პლასტმასის დიზაინის შეცვლა, მისი გადამუშავება და ხელახალი გამოყენება პრობლემას გადაჭრის. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი კი ამ აზრს არ ეთანხმება.

„ყოველწლიურად 430 მილიონ ტონა პლასტმასას ვაწარმოებთ და თუ ასე გავაგრძელებთ, 2060 წლისთვის მაჩვენებელი 3-ჯერ გაიზრდება. წარმოებული პლასტმასიდან 25 მილიონ ტონაზე ოდნავ ნაკლები ზღვაში, წყლის ეკოსისტემებში ხვდება“, – აცხადებს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი, ინგერ ანდერსენი.

პლასტმასის წარმოების შემცირებას, მის გადამუშავებასა და ხელახალი გამოყენების გეგმას მხარს 300-ამდე კომპანია უჭერს. მათ შორისაა Coca-Cola Company, Walmart-ი, PepsiCo და L’Oréal-ი. თუმცა ისინი ემხროებიან ეფექტიან, სავალდებულო და გლობალურ ხელშეკრულებას, რომელიც ყველა ქვეყანაში ერთნაირი წესებით იმოქმედებს და ბიზნესებს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული რეგულაციებისგან გამოწვეულ თავსატეხს ააცილებს.

ზოგიერთი ქვეყანა ამტკიცებს, რომ პლასტმასის წარმოების შეზღუდვა რეალურად პროდუქციის ფასს გაზრდის, რაც, საბოლოოდ, საზოგადოებას დისკომფორტს შეუქმნის.

„თუ მოსახლეობა ზრდას გააგრძელებს და მომდევნო 30 წლის განმავლობაში 2 ან 3 მილიარდი ადამიანი დაგვემატება და ჩვენ შევწყვეტთ ამ ძირითადი პროდუქციის – პლასტმასის, ქიმიკატებისა და სხვა მასალების – წარმოებას, მაშინ ეს პროდუქცია უფრო გაძვირდება, ალტერნატივა კი შესაძლოა არ იყოს ეფექტიანი. სინამდვილეში ჩვენ შევზღუდავთ პროგრესს მომავალი თაობებისთვის. ამრიგად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს ხელშეკრულება პლასტმასით დაბინძურების პრობლემის გადასაჭრელად, მაგრამ, რაც არ გვინდა, ისაა, რომ ხელი შევუშალოთ რამდენიმე მილიარდ ადამიანს ან მომავალ თაობებს, ისარგებლონ იმ სიკეთით, რომლითაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვსარგებლობდით“, – აცხადებს LyondellBasell-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, ტრეისი კემპბელი.

ჟენევაში შეხვედრას 80 მთავრობის მინისტრი, დელეგატები, პლასტმასის ინდუსტრიის წარმომადგენლები, ბიზნესები, მეცნიერები და გარემოსდამცველები დაესწრნენ. შეხვედრა 5-15 აგვისტოს პერიოდში გაგრძელდება.

ეს ყველაზე ხანგრძლივი სესიაა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულა.