რუსულმა აგრესიამ და უკრაინაში წარმოებულმა ომმა გერმანიაში ინდუსტრიული ლანდშაფტი შეცვალა. ასე აფასებს გერმანიაში მიმდინარე პროცესებს საერთაშორისო ურთიერთობის ანალიტიკოსი გოგიტა სურამელაშვილი, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად. საკითხზე ანალიტიკოსი სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ გერმანია თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას იწყებს. გოგიტა სურამელაშვილი წერს, რომ ამ მიზნით თავდაცვის სფეროში მოქმედი კომპანიები სამოქალაქო ობიექტების ბაზაზე იარაღის წარმოებას იწყებენ და ავტომწარმოებელი კომპანიებიდან გათავისუფლებულ კადრებს ქირაობენ.

,,აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ გორლიცში, 176 წლის ისტორიის მქონე სარკინიგზო ქარხანა გადაკეთდება Leopard II-ის ძირითადი საბრძოლო ტანკებისა და Puma-ს ქვეითი საბრძოლო მანქანების კომპონენტების წარმოების ობიექტად.

თავდაცვის კონტრაქტორმა KNDS-მა თავის თავზე აიღო ქარხნის ოპერირება, რომლის დახურვაც მატარებლის მწარმოებელმა კომპანია Alstom-მა გადაწყვიტა ხარჯების შემცირების პროგრამის ფარგლებში. KNDS-მა პირობა დადო, რომ ქარხნის 700 თანამშრომლიდან ნახევარს სამუშაო ადგილები შეუნარჩუნდება.

ოთხმა მთავარმა თავდაცვის კონტრაქტორმა - Rheinmetall-მა, Diehl Defence-მა, Thyssenkrupp Marine Systems-მა და MBDA-მ, დაიქირავეს 16,500-ზე მეტი თანამშრომელი ბოლო სამი წლის განმავლობაში, რამაც გაზარდა მათი სამუშაო ძალა 40%-ით. აღნიშნულმა კომპანიებმა გამოცემა Financial Times-თან საუბრისას, აღნიშნეს, რომ 2026 წლისთვის გეგმავენ დამატებით კიდევ 12000 ადამიანის დაქირავებას.

თავდაცვითი კონცერნი Rheinmetall-ი განიხილავს ქ. ოსნაბრიუკში Volkswagen-ის ქარხნის შეძენის საკითხს, რომელიც მალე დაიხურება. ასევე Rheinmetall-მა და რადარის მწარმოებელმა Henslodt-მა პირობა დადეს, რომ დაიქირავებენ 300-მდე თანამშრომელს, რომლებიც გაათავისუფლეს კომპანიებმა Bosch-მა და Continental-მა.’’- წერს საერთაშორისო ურთიერთობის ანალიტიკოსი.

გოგიტა სურამელაშვილი ქალაქ გორლიცის მერის განცხადებას იხსენებ, სადაც ოქტავიან ურსუ ამბობს, რომ გერმანიის გადაიარაღების პროგრამამ შესაძლოა ქვეყნის სხვა ქალაქების ინდუსტრიული მდგომარეობაც შეცვალოს. გოგიტა სურამელაშვილი აღნიშნავს, რომ გერმანიის თავდაცვის ხარჯები ომამდელ პერიოდთან შედარებით თითქმის 80%-ით გაიზარდა და 90 მილიარდ ევროს გადააჭარბა.