„ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა 2026 წლის 9 თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველო მშვიდობას და პროგნოზირებად გარემოს ინარჩუნებს, რაც მისი თქმით, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება თითოეული დარგის დივერსიფიცირებულად და მდგრადად განვითარებას. სასიხარულოა, რომ ვხედავთ აღნიშნული მიმართულებით განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება ვაჭრობის მიმართულებით, განათლების, ისევე როგორც IT სექტორში. ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს, ისევე როგორც ტურიზმის სექტორს, მიუხედავად რეგიონული გამოწვევებისა.
მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას და პროგნოზირებად გარემოს, რაც როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის არის დამატებითი სტიმული იმისთვის, რომ მათ განაგრძონ საქართველოში ინვესტირება, განაგრძონ ბიზნესის განვითარება, რაც, ბუნებრივია, ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტენდენციის ზრდას, ისევე როგორც ეკონომიკურ ზრდას“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა
წინასწარი შეფასებით, 2026 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.4 პროცენტით განისაზღვრა.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს