რეგიონში ვაგონების რაოდენობა საკმარისზე მეტიცაა, თუმცა პრობლემა მათ დროულ ბრუნვაში მდგომარეობს. ამის შესახებ BMG-სთან „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან სულაბერიძე საუბრობს.

მისი თქმით, პრობლემურია ვაგონების პარკის დროული და ეფექტური ექსპლუატაცია - ვაგონების დაყოვნება არის ის ფარული ხარჯი, რომელსაც საბოლოო ჯამში დამკვეთი იხდის.

„ვაგონი რომელიც აქ დგას და ორი კვირა ელოდება, არ შეიძლება ეს სერვისი იყოს უფასო. თქვენ რომ მოგინდებათ ამ ვაგონის დაქირავება, თქვენ საბოლოო ფასში მისი აქ ორკვირიანი დგომის საფასურსაც გადაიხდით. შესაბამისად, ვაგონების მოძრაობის დატვირთულობის სისწრაფესაც აქვს მნიშვნელობა. თუ სწრაფად იტვირთება და სწრაფად მიდის უკან, ეს უფრო აიაფებს ყველა შემდგომ გადაზიდვას და მანამდე გადაზიდვასაც. ეს ბიზნესის გასაკეთებელია.

რკინიგზა სულ არ არის ვალდებული, რომ ვაგონი ჰყავდეს. ჩვენს რეგიონში, ირგვლივ, ყველგან შეიძლება სავაგონე პარკის შეიძლება, ზედმეტობაც კი არსებობს. მთავარია, მისი ეფექტური მართვა. და ჩვენი დერეფანი რამდენად არის მზად იმისთვის, რომ დროულად მიიღოს ტვირთი, სავაგონე შემადგენლობა, დროულად დაცალოს ის და შემდეგ უკან მიმავალი შემადგენლობა დროულად დატვირთოს. პრობლემა სწორედ ამაში მდგომარეობს. არ არის რადიკალური დეფიციტი სავაგონე პარკის. გარკვეული სახეობის ვაგონებზე არის ეს დეფიციტი, თუმცა, ამის ჩანაცვლება შესაძლებელია“ - განმარტავს ლევან სულაბერიძე BMG-სთან.

მისივე თქმით, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის რეალიზება პირდაპირ კავშირშია პორტების შესაძლებლობებთან. სწორედ გამართულმა საწყობებმა და ტერმინალებმა უნდა უზრუნველყონ ტვირთების ისეთი კონცენტრაცია, რაც „ცარიელი ვაგონების“ პრობლემას აღმოფხვრის.

„თუ ჩვენი სანავსადგურე ინფრასტრუქტურა ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მივიღოთ დიდი გეგმები, შემდეგ, ჩვენს ნავსადგურში დავასაწყობოთ დიდი რაოდენობის ტვირთი, და ამით გავაჩინოთ შუა აზიისკენ მიმავალი უფრო მეტი ტვირთი, რომელიც დატვირთავს შუა აზიიდან მოსულ ვაგონებს უკუმიმართულებით, ეს ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებს. გააიაფებს კიდეც გადაზიდვის ღირებულებას.“

გარდა შიდა ინფრასტრუქტურული საკითხებისა, ლევან სულაბერიძე იმ გეოგრაფიულ და ტექნიკურ დაბრკოლებებზეც საუბრობს, რომლებიც კასპიის ზღვაზე იჩენს თავს.

„აქ სხვა პრობლემებიცაა - კასპიის ზღვის პრობლემები - ვერ ხდება დროულად ვაგონების გადატანა კასპიის ზღვაზე. იმიტომ რომ ბორნები ძალიან გადატვირთულია, ხშირად უამინდობაა კასპიის ზღვაზე, კასპიის ზღვის დონე იკლებს და ეს კიდევ სხვა პრობლემებს აჩენს. ამიტომ, საჭიროა, მთლიანი ლოგისტიკური ჯაჭვის სინქრონიზაცია და კოორდინაციის გაუმჯობესება“ - აცხადებს ლევან სულაბერიძე.

bm.ge