საქართველოში სიღარიბის კლების ტენდენციაა, - ამის შესახებ სოფლიო ბანკის “სიღარიბისა და თანასწორობის” (Poverty & Equity) მოკლე მიმოხილვაშია აღნიშნული.

მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ 2017-იდან 2023 წლამდე სიღარიბის მაჩვენებელი 53.9%-იდან 40.7%-მდე შემცირდა, რის მიზეზად დასახელებულია ძლიერი ეკონომიკური ზრდა და შრომის ბაზრის გაუმჯობესება.

მსოფლიო ბანკის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოში უთანასწორობა შემცირდა, რასაც ჯინის ინდექსი (Gini index), ანუ მოსახლეობაში შემოსავლების გადანაწილების დონის მაჩვენებელი ადასტურებს. კერძოდ, ეს მაჩვვენებელი 2017 წლის 37.9-დან 2023 წელს 34.8-მდე შემცირდა.

რაც შეეხება უმუშევრობას, ბანკის შეფასებით, ეკონომიკურმა ზრდამ, ასევე, ვაჭრობის, მომსახურების, ტურიზმისა და მშენებლობის სექტორებში სამუშაო შესაძლებლობების გაფართოებამ დადებითად იმოქმედა დასაქმებაზე. ამან უმუშევრობის დონე 2021 წლის 20.6%-იდან 2024 წელს რეკორდულად დაბალ 13.9%-მდე შეამცირა.

შრომის ბაზრის ასეთმა გაუმჯობესებამ ხელი შეუწყო 15-24 წლის ისეთი ახალგაზრდების პროცენტული მაჩვენებლის შემცირებას, რომლებიც დასაქმებაში, განათლებაში ან ტრენინგებში (Not in Employment, Education or Training -NEETs) არ არიან ჩართული. ეს მაჩვენებელი 2020 წლის 28.5%-იდან 2023 წელს 21.0%-მდე შემცირდა.

მსოფლიო ბანკის თანახმად, სიღარიბის შემცირებაში, ასევე, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს სოციალური დაცვის სისტემამ.

"სოციალური დახმარების მიზნობრივმა პროგრამამ ღარიბ ოჯახებამდე წარმატებით მიაღწია, თუმცა მისი დაფარვა შეზღუდული რჩება. ამასთან, უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამამ გააუმჯობესა ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა, ხოლო ბოლოდროინდელი რეფორმები საპენსიო სისტემის დაფარვისა და მდგრადობის გაფართოებას ისახავს მიზნად.

შემოსავლების განაწილებაში ფისკალური ჩარევებით მოსახლეობის ქვედა 60% უფრო მეტად სარგებლობს, ვიდრე ზედა 40%, ყველაზე მეტად კი ღარიბი 20% სარგებლობს," - წერია მსოფლიო ბანკის მიმოხილვაში, თუმცა აქვე ხაზგასმულია, რომ კარგი ხარისხის სამუშაო ადგილების შექმნაში კომპანიები ისეთ შეზღუდვებს აწყდებიან, როგორიც არის ბაზრის კონცენტრაცია, ფინანსებზე შეზღუდული წვდომა და სამუშაო ძალაში შესაბამისი უნარების ნაკლებობა.

მიმოხილვაში ისიცაა აღნიშნული, რომ საქართველოში კვლავ განუვითარებელია სოფლის მეურნეობის სექტორი, რომელიც მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ასაქმებს და ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიც დაბალი პროდუქტიულობა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე შეზღუდული წვდომაა.

“ამ საკითხების მოგვარება გადამწყვეტია სიღარიბის შემცირების დადებითი ტენდენციის შენარჩუნებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისთვის,“ - წერს მსოფლიო ბანკი.

ცნობისთვის, კეთილდღეობის სხვაობა საშუალო კოეფიციენტია, რაზეც შემოსავლები მრავლდება და დგინდება, საზოგადოების რამდენმა წევრმა მიაღწია კეთილდღეობის სტანდარტს, ანუ 2017 წლის მსყიდველუანრიანობის პარიტეტით გამოხატულ 25-დოლარიან დღიურ შემოსავალს.

შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკი სიღარიბის მაჩვენებელს საერთაშორისო სიღარიბის ზღვრით ადგენს, რომელიც დღიური მოხმარების კუთხით 2017 წლის მსყიდვეულნარიანიობის პარიტეტით გამოხატულ 6.85 დოლარზე ნაკლებს შეადგენს.