2024 წლის ცხრა თვეში საქართველომ სულ 11.7 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.7%-ით არის გაზრდილი. სტატისტიკის თანახმად, ქვეყანამ წელს საკუთარი ენერგომოხმარების უდიდესი ნაწილი ადგილობრივი გენერაციის მეშვეობით დააკმაყოფილა, რამაც აღნიშნულ პერიოდში 11.3 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა.
სემეკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ადგილობრივ მოხმარებაში თელასისა და ენერგო პროს აბონენტები ჭარბობენ, კერძოდ "ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტებმა 3 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, "თელასის" აბონენტებმა კი 2.34 მილიარდი კილოვატ საათი. აფხაზეთის ენერგომოხმარებამ 1.9 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა, რაც წლიურად 4%-ით არის შემცირებული.
სტატისტიკის მიხედვით, წელს მკვეთრად 14%-ით, 2.44 მილიარდამდე გაიზარდა იმ მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა, რომლებიც დენს პირდაპირი ხელშეკრულებებით, "თელასისა" და "ენერგო პროს" გვერდის ავლით ყიდულობენ. სტატისტიკის თანახმად, მსხვილ მომხმარებლებს შორის პირველ ადგილზეა "ჯორჯიან მანგანეზის" ჰოლდინგი, რომელმაც 728 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა. მეორე ადგილზეა "რუსთავის აზოტი" 193 მილიონი კილოვატ საათის მოხმარებით, მესამეზე კი "ჰანიველ ცემენტი" [ყოფილი "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"] 161 მილიონი კილოვატ საათით.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ წელს ელექტროენერგიის მსხვილ მომხმარებლებში კვლავ გამოჩნდა კრიპტოვალუტების მაინინგით დაკავებული კომპანია, "თი ეფ ზი სერვისის", რომელიც თბილისთან მდებარე დატა ცენტრის მეშვეობით ახორციელებს კრიპტოვალუტების მოპოვებას. ასევე მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ქვეყნის უმსხვილესმა ენერგომომხმარებელმა "ჯორჯიან მანგანეზმა" გუშინ განაცხადა, რომ 6 თვით საქმიანობას აჩერებს.
წყარო: bm.ge