ინვესტორთა საბჭოს ძირითადი სამოქმედო გეგმა მიმდინარე წელს ფინანსური ბაზრის რეგულირების საკითხების და საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეფორმების განხორციელებას გულისხმობს.
რა ძირითადი მიმართულებებით გეგმავს ინვესტორთა საბჭოს ხელმძღვანელი მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყანაში ჯანსაღი საინვესტიციო კლიმატი შეიქმნას და კონკრეტულად რა საკითხებზე იქნება გამახვილებული მისი მხრიდან ყურადღება, ამ თემებზე ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშვილმა „კომერსანტთან“ ისაუბრა.
„ინვესტორთა საბჭოს სამოქმედო გეგმა ინვესტორთა საბჭოს წევრების მიერ წამოჭრილი საკვანძო საკითხების საფუძველზე ყალიბდება. მიმდინარე (2023-2024 წლის) სამოქმედო გეგმა მოიცავს ფინანსური ბაზრის რეგულირების საკითხებს; საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეფორმების ფართო სპექტრს; ინვესტორთა საბჭოს სამუშაო ჯგუფების საქმიანობა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან სექტორებს, როგორებიცაა ტურიზმი, ენერგეტიკა, მშენებლობა, განათლება, ფარმაცევტული სფერო, წიაღის სექტორი; ინვესტიციების მიმართულებით პრიორიტეტებს შორისაა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერა; ასევე, სამოქმედო გეგმაში შედის გენდერული თანასწორობის საკითხები და მწვანე ეკონომიკა. გარდა ამისა, ჩართულები ვართ ჩვენი დონორების მიერ ინიციირებულ სხვადასხვა ტექნიკური დახმარების პროექტებში.
ინვესტორთა საბჭო აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. შესაბამისად, ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები თუ ინიციატივები, ითვალისწინებს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის მოთხოვნებს“, - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
მისი თქმით, ინვესტორთა საბჭო აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების რეფორმაში და საბჭოში შემავალი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და ბიზნეს ასოციაციების მხრიდან დიდი ყურადღება ეთმობა ამ საკითხს. გარდა ამისა, საბჭო შუამდგომლობს როგორც ბიზნეს სექტორთან, ასევე მთავრობასთან, რომ აღნიშნული რეფორმა წარმატებით განხორციელდეს.
გიორგი ჩერქეზიშვილმა გამოწვევებზეც ისაუბრა, აღნიშნა, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად კვალიფიციური კადრების პრობლემა რჩება.
„COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის შემდეგ, 2021 წელს მომზადებული ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად კვალიფიციური კადრების თემა გამოიკვეთა. ქვეყანაში მეტი კვალიფიციური კადრის არსებობა, ძლიერი კერძო სექტორის ჩამოყალიბებასა და თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
ინვესტორთა საბჭოს ბოლო სხდომების ფარგლებში, ინვესტორთა საბჭოს წევრებმა, საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხაზი გაუსვეს საქართველოსთვის შუა დერეფნის მნიშვნელობას და აღნიშნული მიმართულებით რესურსების მობილიზებას.
ინვესტორებისთვის უკეთესი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად, საჭიროა სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელება, მთელი რიგი სერვისების გაციფროვნება, სრულიად ახალი სექტორების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ინვესტორთა საბჭოს საქმიანობა აღნიშნულ საკითხებსაც მოიცავს.
გარდა ამისა, ინვესტორთა საბჭოს წევრების მხრიდან ხაზი ესმება, რომ მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის და საინვესტიციო გარემო მიმზიდველობისა, არანაკლები ყურადღება უნდა დაეთმოს ქვეყანაში უკვე არსებული ინვესტორების კმაყოფილების შენარჩუნებასაც. ამ მიმართულებით, ინვესტორთა საბჭო თანამშრომლობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ და აქტიურ მხარდაჭერას უწევს როგორც საინვესტიციო სტრატეგიის მომზადებაში, ასევე ე.წ. „aftercare“ სისტემის გაუმჯობესებაში“, - ამბობს გიორგი ჩერქეზიშვილი.
ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა წიაღის რეფორმის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ აღნიშნული რეფორმა ხელს შეუწყობს საქართველოში მეტი ინვესტიციის შემოდინებას და ეკონომიკის ზრდას.
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანაა და ამ კუთხით, ჩვენს ქვეყანას ბევრი შესაძლებლობა აქვს. ცხადია, წიაღის რეფორმა დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე. ინვესტორთა საბჭოს ბოლო სხდომაზე, ჩვენმა ერთ-ერთმა წევრმა ბიზნესასოციაციამ ხაზი გაუსვა სამთო სექტორის გაძლიერების მნიშვნელობას და რეფორმის მეორე ფაზის განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში მეტი ინვესტიციის შემოდინებას და ეკონომიკის ზრდას განაპირობებს“, - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
ინვესტორთა საბჭო დაარსდა 2015 წელს, საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად. ინვესტორთა საბჭო უზრუნველყოფს დიალოგის წარმოებას ბიზნესს საზოგადოებას, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის.
ინვესტორთა საბჭო ფინანსდება გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მეშვეობით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.