სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ცენტრში, სამუშაო ვიზიტით, თურქეთის რესპუბლიკის სოფლის და სატყეო მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სფეროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ სტუმრებს ცენტრის ლაბორატორიაში მიმდინარე სხვადასხვა კვლევითი და პრაქტიკული მიმართულების საქმიანობა გააცნო.
აღსანიშნავია, რომ ლაბორატორია აღჭურვილია ყველა საჭირო აპარატურით, ენტომოლოგიური გალიებით, II დონის სპეციალური ბოქსებით - მწერის გამრავლებისთვის საჭირო ავტომატური კლიმატკონტროლით, სადაც კვლევები მიმდინარეობს აზიური ფაროსანას და სხვა მავნებლების ბიოლოგიური აგენტების გამოსავლენად.
სტუმრებმა ლაბორატორიული კომპლექსი დაათვალიერეს, გაეცნენ სამუშაო პროცესს და ქართველი სპეციალისტების გამოცდილებას.
თურქულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ინტეგრირებული მიდგომა წარმოადგენს მძლავრ საფუძველს საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
სამუშაო შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია, სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ მესხი, ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ცენტრის დირექტორი იოსებ ბასილია და ლაბორატორიის სპეციალისტები ესწრებოდნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.