ღვინის ეროვნული სააგენტო წლებია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მარკეტინგულ კამპანიებს ატარებს, თუმცა 2025 წლისთვის მარკეტინგული დღის წესრიგი გადაიხედა და სააგენტომ სტრატეგია განაახლა. სამოქმედო გეგმა საბაზრო კვლევების შედეგად შემუშავდა, რომელიც ერთ-ერთმა პრესტიჟულმა კომპანიამ შარშან სააგენტოს დაკვეთით ჩაატარა.
ღვინის ეროვნული სააგენტო ქვეყნების მიხედვით განსხვავებულ სტრატეგიებს გამოიყენებს. რიგ ქვეყნებში პრიორიტეტული იქნება ქართული ღვინის პრემიუმ სეგმენტის მომხმარებლებისთვის გაცნობა. იმ ქვეყნებში კი, სადაც ჩვენს პროდუქცია ყოველდღიური მომხმარებლები კარგად იცნობენ და მას სუპერმარკეტებში აქტიურად ყიდულობენ, სტრატეგია მიზნად ჰორეკა სექტორში თავის დამკვიდრებასა და პრესტიჟულ რესტორნებში შესვლას ისახავს.
რას გულისხმობს ახალი სტრატეგია? საკითხზე ,,კომერსანტი“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს ესაუბრა. ლევან მეხუზლამ ახალი მარკეტინგული ხედვის განსამარტად რამდენიმე მაგალითი მოგვიყვანა, რომელიც კონკრეტულ ქვეყნებში დაგეგმილ ღონისძიებებს მოიცავს.
,,აქამდე ვმუშაობდით სპეციალისტებზე, რომ მათ ამინდი შეექმნათ. ვმუშაობდით ღვინის მაგისტრების საშუალებით, რამაც მოიტანა ის, რომ ქართული ღვინო აღიარებულია. არის უკვე ცნობადობა ღვინის მოყვარულებსა და სპეციალისტებში. ამის შედეგია ის, რომ CBS ჩამოდის და თავისი ინიციატივით უთმობს 60 წუთს, ყველაზე პრესტიჟული გადაცემის ეთერს, ქართულ ღვინოს. ყველა ღვინის სპეციალიზებული მაღაზია თუ ბარი ვალდებულად თვლის თავს, რომ ქართული ღვინო იყოს მის მენიუში. აშშ-ში შარშან წლის ბოლოს დავიწყეთ და ვცდილობდით უშუალო მომხმარებელთან კომუნიკაციას. (მაგალითად, მანჰეტენზე სარეკლამო ბანერების განთავსება) ამას გავაგრძელებთ და კიდევ უფრო გავამახვილებთ ყურადღებას. იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკაში ვხედავთ ამის საჭიროებას. პრემიუმ სეგმენტში უკვე კარგად ვართ, მაგრამ ყოველდღიურმა მომხმარებელმა ჯერ არ იცის ბევრი რამ ქართული ღვინის შესახებ. სრულიად საპირისპირო სტრატეგია გვექნება პოლონეთში, სადაც სუპერმარკეტებში მძლავრად ვართ წარმოდგენილი. გვინდა კარგად ვიმუშაოთ ჰორეკა სექტორში. პრესტიჟული რესტორნები სუპერმარკეტში ღვინოს არ ყიდულობენ. მათ სხვა ღვინო სჭირდებათ. იგივე ქვეყნიდან, მაგრამ სხვა გემოვნური თვისებების, რომ განსაკუთრებული პროდუქცია შესთავაზონ თავის მომხმარებელს. ჩვენი სტრატეგია ქვეყნებისა და საბაზრო სეგმენტების მიხედვით იქნება განსხვავებული.’’- აცხადებს ლევან მეხუზლა ,,კომერსანტთან“ საუბარში.
სტრატეგიულ ქვეყნებში წელს აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა შედიან. 2025 წლის გეგმას უკვე გაეცნო კერძო სექტორი. განახლებული ხედვა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენებში მონაწილეობასაც ითვალისწინებს.
,,სტრატეგიული ქვეყნები, სადაც ჩვენ ჩვენი ბიუჯეტით ვმუშაობთ არის აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა. ეს ის ქვეყნებია, სადაც ჩვენ წელს ვიმუშავებთ. აშშ-სა და ჩინეთში აქცენტს გავაკეთებთ სწორედ B2C-ზე ანუ მომხმარებლის ინფორმირებასა და მომხმარებელთან კომუნიკაციაზე. B2B ანუ მუშაობა სუპერმარკეტების ქსელებთან, მუშაობა ჰორეკაში, მუშაობა ღვინის სპეციალისტებთან უფრო სტრატეგიული იქნება და ამაზე გვექნება აქცენტი დიდ ბრიტანეთში. ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რაც შარშან გერმანელი პარტნიორის დახმარებით ვცადეთ იყო ქართული ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში შეტანა (გერმანიის შემთხვევაში ეს არის Hawesko) და ,,ლისთინგებში“ მოხვედრა. ეს წარმატებით განვახორციელეთ, რაც გერმანიის საექსპორტო სტატისტიკას ეტყობა და ის ერთი ორად იზრდება. იგივე მიდგომას წელს გამოვიყენებთ დიდ ბრიტანეთში. გერმანიისა და პოლონეთის შემთხვევაში უკვე კარგად ვართ ქსელებში წარმოდგენილი. აქ აქცენტს გავაკეთებთ ჰორეკაზე და პრემიუმ სეგმენტზე, რათა გერმანიისა და პოლონეთის შემთხვევაში ამ სეგმენტშიც დამკვიდრდეს ქართული ღვინო.’’- განმარტავს ლევან მეხუზლა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს განახლებული სტრატეგია ახალ ბაზრებზე თავის დამკვიდრებასაც მოიცავს. ამ მიმართულებით ლევან მეხუზლა ინდოეთსა და ბრაზილიას გამოყოფს, სადაც ღვინის მოხმარების კულტურა ჯერ კიდევ დაბალია, თუმცა ამ ქვეყნებში ღვინის დამკვიდრებას ცდილობს საფრანგეთი. სწორედ ამიტომ, ლევან მეხუზლა აცხადებს, რომ სააგენტო აკვირდება საფრანგეთის მიერ ახალ ბაზრებზე განხორციელებულ მარკეტინგულ კამპანიებს და ისინი ბაზრების გაფართოების შესაბამისად იმოქმედებენ.
,,ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას შედარებით ახალ ბაზრებზე, როგორიც არის ინდოეთი და ბრაზილია. ზოგადად ქართულ დარგს არ აქვს ის ფუფუნება, რომ პიონერი იყოს თავისი სიდიდიდან და რესურსებიდან გამომდინარე. ამიტომ ვაკვირდებით მაგალითად საფრანგეთს როგორ მუშაობს ახალ ბაზრებზე. ინდოეთში ის ცდილობს, რომ დაამკვიდროს ღვინის კულტურა, რადგან ინდოეთში ეს კულტურა ძალიან დაბალია. იქ სვამენ ძირითადად ვისკის და სხვა ალკოჰოლურ სასმელს, თუმცა ჩინეთის მაგალითზე ვნახეთ, რომ საფრანგეთის და სხვა ღვინის დიდი მწარმოებელი ქვეყნების დახმარებით მოხდა ღვინის კულტურის შეტანა. ბრაზილიაში გამოფენაზე შარშან მივიღეთ მონაწილეობა და ბაზრის ზრდის შემთხვევაში ვიაქტიურებთ ამ ქვეყნების მიმართულებით.''- აცხადებს ,,კომერსანტთან" ლევან მეხუზლა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ქართულ ღვინოს ნებისმიერ საბაზრო სეგმენტში კონკურენციის გაწევა შეუძლია. ,,იგულისხმება როგორც დაბალი და საშუალო სეგმენტი, ასევე მაღალ სეგმენტშიც, რასაც ეძახიან Icon Wines ანუ ე.წ. განსაკუთრებულ ღვინოებს.’’- აცხადებს ლევან მეხუზლა. სააგენტოს თავმჯდომარე სხვადასხვა ბაზარზე ქართული ღვინის ფასის მიხედვით პოზიციონირებაზეც გვესაუბრა.
,,არის ქვეყნები, სადაც პრემიუმ ღვინის მომხმარებელი უფრო ბევრია. ეს საშუალო ფასსაც ეტყობა. აშშ ერთ-ერთი პრემიუმ ქვეყანაა ქართული ღვინისთვის. საშუალო ფასს თუ ავიღებთ, ყველაზე ძვირად ქართული ღვინო სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში იყიდება. რაოდენობა უკვე მილიონ ბოთლს გასცდა, რაც არც ისე ცოტაა. სრულიად განსხვავებული სიტუაციაა პოლონეთში, სადაც სუპერმარკეტების ქსელებში ძალიან ძლიერად ვართ წარმოდგენილი და კონკურენციას ვუწევთ როგორც ხარისხით, ასევე ფასით ესპანურ და იტალიურ ღვინოებს. რაც გამოიხატება უკვე შედეგში. პოლონეთში ამერიკასთან შედარებით ქართული ღვინო 2-ჯერ ნაკლები ფასი ღირს, მაგრამ 10 მლნ. მეტზე იყიდება.’’- აცხადებს ლევან მეხუზლა.