„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს ქულა უცვლელი რჩება და კვლავაც 53-ია. კორუფციის აღქმის ინდექსში ქვეყნები 0-დან 100-მდე შკალაზე ფასდებიან, სადაც 100 ყველაზე მაღალ შედეგს წარმოადგენს.
„ეს შედეგი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში წვრილმანი მექრთამეობა საყოველთაოდ გავრცელებული არ არის, თუმცა არც რაიმე კონკრეტული რეფორმები განხორციელებულა, რაც დაბალ დონეზე კორუფციასთან ბრძოლის კუთხით წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლებოდა.
ამასთან, საქართველო დაბალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის კუთხით აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონში კვლავაც წამყვან პოზიციებზეა, რაც წლების წინ კორუფციასთან ბრძოლისა და საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის მიზნით ჩატარებული რეფორმების ეფექტურობაზე მიუთითებს.
აღსანიშნავია, რომ ინდექსი არ ზომავს კორუფციის ისეთ კომპლექსურ ფორმებს, როგორიცაა სახელმწიფოს მიტაცება და კლეპტოკრატია. საქართველოში კორუფციის მხრივ მთავარი გამოწვევები კი სწორედ ესაა.
ცხადია, დაბალ დონეზე კორუფციის არ არსებობა არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის მაღალი ხარისხია და ყველა ინსტიტუტი გამართულად მუშაობს. მეტიც, წვრილმანი მექრთამეობის დაბრუნებაც სავსებით შესაძლებელია, თუ სისტემური რეფორმები არ გატარდება ანტიკორუფციული სისტემისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების მშენებლობის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიმართულებით,"- ნათქვამია TI-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში.
კორუფციის აღქმის ინდექსი ტრადიციულად 180 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები ფასდება 100 ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია.