საქართველოს რკინიგზას საბჭოთა დროს გამოშვებული ლოკომოტივების რემონტს ორი კონკურენტი კონსორციუმი სთავაზობს. ტენდერის ღირებულება 270 მილიონ ლარს შეადგენს და მისი მეშვეობით საერთო ჯამში 47 ლოკომოტივის გარემონტება უნდა მოხდეს.

სატენდერო წინადადებები მომზადებულია ორი ქართული კომპანიის მიერ, რომლებიც რკინიგზას სთავაზობენ რუსული და ლატვიურ-უკრაინული ქარხნების მომსახურებას. პირველი პრეტედენტია "სკინესტ რეილ ჯორჯია", რომელიც საქართველოს რკინიგზას 266.8 მილიონ ლარად სთავაზობს უკრაინის ლვოვისა და ლატვიის დაუგავპლისის ქარხნების მომსახურებას. სატენდერო განაცხადს თან ახლავს გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს, რომ ამ ქარხნებს აქვთ სერტიფიკატები გაარემონტონ ლოკომოტივის ის მოდელები, რომლებსაც საქართველოს რკინიგზა ფლობს.

მეორე პრეტედენტია შპს "გეორგია", რომელიც რკინიგზას ტამბოვისა და ჩელიაბინსკის ქარხნების მომსახურებას სთავაზობს. წინადადებას თან ახლავს როგორც ტამბოვის, ასევე ჩელიაბინსკის ქარხნების მენეჯმენტის წერილები, რომ ისინი მზად არიან მომსახურება გაუწიონ საქართველოს რკინიგზას. შპს "გეორგიას" განაცხადი 270.4 მილიონ ლარზე აქვს დაფიქსირებული, რაც თავად საქართველოს რკინიგზის მიერ განსაზღვრული სავარაუდო ფასის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით საქართველოს რკინიგზას მომსახურების გაწევას "გორგიაზე" 3 მილიონი ლარით უფრო დაბალ ფასად "სკინესტ რეილ ჯორჯია" სთავაზობს.

ტექნიკური აღწერის მიხედვით კაპიტალური რემონტი უნდა ჩაუტარდეს 1968-1986 წლებში გამოშვებულ ВЛ10-ის 21 ელმავალს და ВЛ11-ის 15 ელმავალს, ასევე ЧМЭ-3-ის 11 თბომავალს, რომლებიც 1979-1989 წლებში არის გამოშვებული.

შემკეთებელ საწარმოს ბოლო სამი წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს არანაკლებ 10 ცალი „ვლ“ სერიის მაგისტრალური მიმოსვლის ელმავლის (ნაწარმოები/აშენებული არაუადრეს 1980 და არაუგვიანეს 2000 წლებისა) და არანაკლებ 5 ცალი „ჩმე“ სერიის სამანევრო თბომავლის (ნაწარმოები/აშენებული არაუადრეს 1980 და არაუგვიანეს 2000 წლებისა) "კრ-2“ მოცულობის საქარხნო კაპიტალური შეკეთების გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები.

ჯერჯერობით საქართველოს რკინიგზის სატენდერო კომისიას მიღებულ წინადადებებთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნა არ მოუმზადებია.

რაც შეეხება წინა შესყიდვებს, შპს გეორგიამ 2024 წლის მარტში გაიმარჯვა საქართველოს რკინიგზის 54-მილიონიან შესყიდვაში სადაც ერთადერთი პრენტედენტი იყო. ტენდერი 8 თბომავლის და 8 ელმავლის შეკეთებას შეეხებოდა. გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები ჩელიაბინსკისა და მოსკოვის ქარხნების მიერ სრულდება.

შპს "გეორგიამ" 2023 წლის დეკემბერში ასევე გაიმარჯვა 13 ახალი ლოკომოტივის შესყიდვის $80.5-მილიონიან ტენდერში, რომლითაც კომპანია ვალდებული იყო საქართველოს რკინიგზისთვის მიეწოდებინა რუსული კომპანია Уральские локомотивы-ის მიერ წარმოებული ახალი ლოკომოტივები, თუმცა 2024 წლის აგვისტოში საქართველოს რკინიგზამ ამ შესყიდვის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, შპს "გეორგია" 1995 წელს არის რეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი გელა ძიძიკაშვილია.

რაც შეეხება კომპანია "სკინესტ რეილ ჯორჯიას", ის ესტონელი ბიზნესმენის, ოლეგ ოსინოვსკის მიერ არის დაფუძნებული. კომპანია საქართველოში 2011 წლიდან საქმიანობს და ის ესტონური "სკინესტ რეილის" საკუთრებაშია.

კომპანიამ 2023 წელს გაიმარჯვა რელსების შესყიდვის 17-მილიონიან ტენდერში, ხოლო 2020 წელს კი საქართველოს რკინიგზისთვის ტრანსფორმატორების მიწოდების 10-მილიონიან ტენდერში.

bm.ge