„რატომ აქვთ სამეგრელოში თხილის მწარმოებლებს ამდენი პრობლემა და კახეთში მსგავსი რამ არ ხდება? ფაროსანამ მოახერხა ჩინეთიდან სამეგრელოში გადასვლა და ვერ გადადის კახეთში. კახეთშიც გადადის, თუმცა იქ ხვდება ფერმერი, რომელიც უვლის ვენახს და უვლის თხილს“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ქარდავამ განაცხადა.

მისი თქმით, ვერ კახეთში დაზიანებულ თხილის ბაღები არ არის. ამის გამო იქ ბევრად უფრო მაღალი ხარისხისაა თხილი, ვიდრე დასავლეთ საქართველოში. ფაროსანა შეინიშნება საქართველო-თურქეთის საზღვართან და აზერბაიჯანშიც მაგრამ იმის გამო, რომ იქაური ფერმერები მონდომებულები არიან, ბაღებს უვლიან და თხილის მოყვანას კომერციულად უყურებენ, იქ ფაროსანა ვერ ვრცელდება.

2016-17 წლებში საქართველოში ფაროსანა გამოჩენის შემდეგ, თხილის ხარისხი დაეცა, რის გამოც ქართული თხილის კონკურენტუნარიანობა შემცირებულია და ქართული თხილის იმაზე იაფია, ვიდრე თურქული და აზერბაიჯანული. საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორის თქმით, ქართველი თხილის მწარმოებლები სეზონს ოპტიმიზმით ელიან და თხილის გაზრდილ მოსავალს პროგნოზირებენ.

„2022 წლის სეზონზე 45 000 ტონა გაუტეხავი თხილის მოსავალი იყო, წელს მინიმუმ 55 000 ტონას ველოდებით. რაც შეეხება ხარისხობრივ მაჩვენებელს, სულ ცოტა იგივე მაინც იქნება, თუმცა წელს სახელმწიფოს სუბსიდირების პროექტი განხორციელდა და იმ ფერმერებს, ვინც ამ პროექტით ისარგებლეს, წესით უკეთესი ხარისხის თხილი უნდა ჰქონდეთ.

შარშან ერთი და იგივე პერიოდში იყვნენ ფერმერები, ვინც კილო თხილში მიიღეს 7-8 ლარი და ზოგმა - 2-3 ლარი“, - განაცხადა ლევან ქარდავამ.

რაც შეეხება თხილის ფასს, მისი თქმით, ფასს ხარისხი განსაზღვრავს.

„შარშან საშუალო ფასი 3-დან 7-8 ლარამდე მერყეობდა და ეს დამოკიდებული იყო ხარისხზე. ფერმერის გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, ბაღების წამლობის ხარჯები სახელმწიფომ გასწია და წელს უფრო მეტ მოსავალს ველოდებით, ამ შეწამვლების საფუძველზე უნდა გაუმჯობესდეს ხარისხი, ფერმერმა უფრო უკეთესი ფასი უნდა მიიღოს, ვიდრე შარშან და თუ ხარისხიც გაუმჯობესდა, ჰექტარზე შემოსავალიც მეტი ექნება,“ - განაცხადა ლევან ქარდავამ.