გაზაფხულზე არსებულმა არასახარბიელო მეტეოროლოგიურმა პირობებმა და ჭარბმა ტენიანობამ ხორბლის მოსავალზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. ამის შესახებ BMG-სთან „კავკასუს გენეტიკას” დირექტორი, ფერმერი გიორგი ხატიაშვილი საუბრობს.
მისი თქმით, ბუნებრივმა მოვლენებმა ქვეყნის ძირითად მარცვლეულ ზონებში - შირაქისა და ალაზნის ველებზე - განსხვავებული პრობლემები წარმოშვა.
„წელს არ იქნება იდეალური მოსავალი იმიტომ, რომ გაზაფხულზე მეტეოროლოგიური პირობები არასახარბიელო იყო, ანუ ჭარბი ტენი იყო. ალაზნის ველზე სოფლის მეურნეობის ბევრი ნაკვეთი დაიტბორა, ხოლო შირაქის ველზე დაავადება ე.წ. ჟანგა გავრცელდა, რომელიც ჭარბი ტენის პირობებში ჩნდება. ამ ყველაფერმა გავლენა მოახდინა მომავალ მოსავალზე,“ - ამბობს გიორგი ხატიაშვილი BMG-სთან.
მისივე თქმით, მიუხედავად შექმნილი სირთულეებისა, ქვეყანას საშუალო მოსავლის მიღების შესაძლებლობა მაინც აქვს. ფერმერის პროგნოზით, საშუალო ჰექტარული მოსავლიანობა ქვეყნის მასშტაბით 3 ტონის ფარგლებში იქნება.
„რაღაც ფანტასტიკური მოლოდინი არ არის, მაგრამ საშუალო მოსავალს ველოდებით. საშუალო ჰექტარული მოსავლიანობა 3 ტონის ფარგლებში იმერყევებს. რა თქმა უნდა, არის ადგილები, სადაც ხუთი-ექვსი ტონაც იქნება, მაგრამ იქნება გარკვეული რეგიონები, სადაც ორი ტონას ავიღებთ - იქ, სადაც ნათესები ჭარბი ტენისგან დაზიანდა,“ - განმარტავს ფერმერი.
„კავკასუს გენეტიკას” დირექტორი ასევე ხაზს უსვამს დარგის განვითარების პოტენციალს და აღნიშნავს, რომ სწორი სტიმულირების შემთხვევაში, საქართველომ შესაძლოა, ხორბლის იმპორტზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეამციროს.
„მთლიანობაში, ფერმერებს აქვთ ის პოტენციალი, რომ მოტივაციის შემთხვევაში გააფართოონ წარმოება, დანერგონ ტექნოლოგიები და ქვეყნის თვითუზრუნველყოფა სულ ცოტა 40-50%-მდე აიწიოს მომდევნო წლებში,“ - აღნიშნავს გიორგი ხატიაშვილი.