შარშანდელთან შედარებით, წელს ჰიდროლოგიური ვითარება საგრძნობლად შეცვლილია. განვლილ თვეებში ელექტროენერგიის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო ექსპორტი შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის გამომუშავება არ იყო მაღალი ანდა კაშხლოვან ჰესებში ზამთრისთვის წყალი დააგროვეს. 

სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის 8 თვეში იმპორტის მაჩვენებელი 345%-ით გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ პერიოდში საქართველომ 3.6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია შეიძინა. 2023 წლის იგივე პერიოდში კი 810 ათასი დოლარის ღირებულების დენი შემოვიდა საქართველოში.

ქვეყანა ელექტროენერგიას ორი ქვეყნისგან - აზერბაიჯანისა და რუსეთისგან ყიდულობს. აზერბაიჯანის წილი დენის იმპორტში 87%-ს შეადგენს. უფრო კონკრეტულად კი, მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველომ აზერბაიჯანისგან 3.1 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია შეიძინა, რუსეთისგან კი - 470 ათასი დოლარის.

რაც შეეხება ექსპორტს, წელს საქართველომ 51.6 მილიონი დოლარის ღირებულების გამომუშავებული ელექტროენერგია გაყიდა. ექსპორტი წინა წლის 8 თვესთან შედარებით შემცირებულია. კერძოდ, 2023 წელს ექსპორტზე 88.48 მილიონი დოლარის დენი გავიდა.

სტატისტიკური მონაცემების ცვლილების მიზეზებზე ისაუბრა ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ და განაცხადა, რომ ექსპორტის კლება და იმპორტის ზრდა ჰიდროლოგიიდან გამომდინარე გენერაციის სიმცირეს, თბოსადგურების გვიან ჩართვას და შიდა მოხმარების გაზრდას უკავშირდება.

"ბუნებრივია, რომ წყალს მაქსიმალურად ვინახავთ, მაგრამ წელს ჰიდროლოგიის პრობლემაც იყო, რადგან ენგური არ არის ისე სავსე, როგორც ამ დროს ვავსებდით ხოლმე. ცოტა გვიან ჩავრთეთ თბოსადგურებიც, რომ გაზი შემოგვენახა და ზამთრისთვის უფრო მომზადებული ვყოფილიყავით. გარდა ამისა, ელექტროენერგიის შიდა მოხმარებაც გაიზარდა, შარშანდელთან შედარებით. ამ სამივე კომპონენტმა გამოიწვია ის, რომ გარკვეული სახის ცვლილებები გვაქვს. საერთოდ, საამისოდ ცოტა სერიოზული კვლევაა საჭირო, მაგრამ ძირითადად სტატისტიკის შეფასება ასე უნდა მოხდეს - ჰიდროლოგიიდან გამომდინარე გენერაციის სიმცირე, თბოსადგურების გვიან ჩართვა და შიდა მოხმარების გაზრდა.

ყურადღება მისაქცევია ხოლმე ერთი საკითხი. იმპორტი ჩვენთან ცოტა სხვაგვარად იცვლება. იმპორტირებული ენერგია გასაგებია, მაგრამ მოერე საკითხი დგება ანგარიშსწორებიდან გამომდინარე. იანვარ-თებერვალში და თუ არ ვცდები, მარტის შუა რიცხვებიც, ვინაიდან ენგურში წყალი თითქმის აღარ გვქონდა, მაქსიმალური რაოდენობა აფხაზეთისათვის შემოდიოდა რუსეთიდან. ბუნებრივია, ეს საქართველოსათვის არის იმპორტირებული ელექტროენერგია, მაგრამ ის რაოდენობა, რომელიც მოიხმარა აფხაზეთმა, ანგარიშსწორებაში არ მონაწილეობს - მასში ჩვენ თანხას არ ვიხდით. დავუშვათ, ასი ერთეულის ენერგია შემოვიდა იმპორტზე და აქედან აფხაზეთმა მოიხმარა 90 და ჩვენ ამაში არაფერს არ ვიხდით. დანარჩენი საქართველოსათვის დაგვჭირდა 10 ერთეული, რომელშიც ფული გადავიხადეთ. გამოდის, რომ იმპორტირებული 100-ია, მაგრამ ანგარიშსწორებაში 10-ია”, - ამბობს არაბიძე და იქვე ხაზს უსვამს, რომ ზამთრის პერიოდისთვის მაქსიმალურად მიმდინარეობს მომზადება და ცივი თვეები ნორმალურად ჩაივლის.

"მაქსიმალურად ვცდილობთ და ვემზადებით ზამთრის პერიოდისთვის. წყალს ვზოგავთ, ცივ თვეებში გვქონდეს. დღეისათვის, სამივე თბოსადგური წესრიგშია, პირველი, მეორე და მეცხრეც ბლოკებიც მუშაობს, გაზის პრობლემაც არ გვექნება და მგონი, ნორმალურად გადავივლით ზამთარს”, - დასძინა არაბიძემ.

2023 წელი საქართველოს ენერგეტიკისთვის რეკორდული აღმოჩნდა, თუმცა ასეთი პერიოდი არც ისე ხშირია ხოლმე. შარშან, 11 თვეში, საქართველოდან უცხოეთში 103 მილიონი დოლარის ღირებულების 1.47 მილიარდი კილოვატ საათის მოცულობის ელექტროენერგია გავიდა ექსპორტზე და ეს 2010 წლის შემდეგ რაოდენობრივად ყველაზე დიდი მოცულობის ექსპორტია, შემოსავლის მხრივ კი ყველა წლის რეკორდს წარმოადგენს.

მაშინ ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა ქვეყანას ადგილობრივი მოხმარების შემცირებამ მისცა. შარშან, 2022 წელთან შედარებით, ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობა - 51%-ით, მიღებული შემოსავალი კი 23%-ით გაიზარდა.

აქვე საგულისხმოა გარემოება, რომ 2023 წელს საქართველომ იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა შეამცირა. გასული წლის 11 თვეში იმპორტი მხოლოდ 682 მილიონი კილოვატ საათი იყო, რაც 2022 წელთან შედარებით 48%-ით ნაკლებია. იმპორტის შემცირება, ერთი მხრივ, ელექტროენერგიის მოთხოვნის კლებამ, მეორე მხრივ კი ადგილობრივი თბოსადგურების გამომუშავების მატებამ განაპირობა.

ეს მონაცემები დასტურია იმისა, რომ წლევანდელი წელი განსხვავებულია. როგორც კიდევ ერთმა ენერგეტიკოსმა ანზორ ჭითანავამ განაცხადა, საქართველო ზაფხულის თვეებში თვითკმარი ქვეყანაა, თუმცა გაზაფხულზე, შემოდგომასა და ზამთარში სხვა სიტუაციაა.

"თუ საერთოდ გამომუშავება იმაზე ნაკლები არ არის, რაც შარშან გვქონდა, მაშინ ექსპორტის შემცირება უკავშირდება ადგილზე მოხმარების გაზრადას. თუ ჩვენი დენი მოვიხმარეთ, მაგრამ იმპორტი მაინც გაიზარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ არასაკმარისი იყო ადგილობრივი გამომუშავება.

ელექტროენერგიის წარმოების მხრივ ზაფხულის თვეებში ჩვენ თვითკმარი ქვეყანა ვართ, რასაც სხვა პერიოდებზე ვერ ვიტყვით, განსაკუთრებით კი შემოდგომა-ზამთრის პირობებში. ამიტომ ილუზია იმის თაობაზე, რომ ჩვენ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გზაზე სერიოზული ნაბიჯები გადავდით და ეს გამოიწვია დამატებითი სიმძლავრეების შეყვანამ და მცირე ჰესების ამოქმედებამ, არის შელამაზებული რეალობა", - ამბობს ჭითანავა.

წყარო: რეზონანსი