მიმდინარე წელს მუნიციპალურ ინსპექციას მაღალი შედეგები ჰქონდა, როგორც სამშენებლო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოპერატიულად რეაგირების, მათი აღკვეთის და პრევენციის, ასევე მშენებლობა დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების კუთხით. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ინსპექცია ავრცელებს.
კერძოდ, მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, ურბანული წესრიგის დაცვის ღონისძიებების ფარგლებში, 2024 წელს ინსპექციის მიერ გაცემული ფინანსური სანქციების ჯამურმა ოდენობამ 29 652 560 ლარი შეადგინა.
კერძოდ, 2024 წელს:
- შესწავლილ იქნა და შესაბამისი დადგენილება გამოიცა 1 247 სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე;
- სახელმწიფო და მუნიციპალური ტერიტორიის მიტაცების აღკვეთის მიზნით, განხორციელდა სპეციალური ღონისძიებები და გამოთავისუფლდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, უკანონოდ დაკავებული 100 000 კვ.მ -ზე მეტი სახელმწიფო მიწა;
- უნებართვოდ ნაწარმოებ მშენებლობაზე, ასევე უსაფრთხოების წესების და სანებართვო პირობების დარღვევაზე შეჩერებულ იქნა 501 სამშენებლო ობიექტი, დარღვევის გამოსწორების შემდგომ 76 დადგენილება გამოცხადდა ძალადაკარგულად;
- გარემოს დაცვისა და ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების კონტროლის კუთხით გამოვლენილ იქნა 1 352 სამართალდარღვევა, დამრღვევები დაჯარიმდნენ და დაევალათ დანაგვიანებული ტერიტორიების დასუფთავება;
- ხე-მცენარეების და მწვანე ნარგავების დაზიანების და გაჩეხვის კუთხით არაერთი კრიტიკული ლოკაცია იქნა გამოვლენილი, აღკვეთილ იქნა ხე-მცენარეებსი გაჩეხვის ფაქტები, სამართალდამრღვევებს დაეკისრათ ფინანსური სანქციები, ასევე საქმის მასალები რეაგირების მიზნით გადაგზავნილ იქნა სამართალდამცავ უწყებებში;
- იერსახის დაზიანების და გარე რეკლამის კონტროლის კუთხით გამოვლენილ იქნა 258 სამართალდარღვევის ფაქტი;
- ახლად რეაბილიტირებული ქუჩების, პარკების და სკვერების დაზიანების და უკანონოდ გადათხრის 374 ფაქტი გამოვლინდა, გატარებულ იქნა ფინანსური სანქციები და თითოეულ მათგანს დაევალა ზიანის გამოსწორება;
- გარე ვაჭრობის ფაქტებზე შედგენილია 876 საჯარიმო ოქმი, არაერთი ღონისძიება ჩატარდა მეტროსადგურების და ცენტრალური გამზირების მიმდებარედ გარე ვაჭრობის აღკვეთის და ტერიტორიების მოწესრიგების კუთხით;
- აკუსტიკური ხმაურის კონტროლის კუთხით შედგა 210 საჯარიმო ოქმი;
- სამშენებლო კონტროლის კუთხით, დარღვევების გამოსწორების მიზნით შემოწმებულ იქნა 400-ზე მეტი ნებართვიანი სამშენებლო ობიექტი;
- გაიზარდა სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების მაჩვენებელი, საერთო ჯამში 1038 მშენებლობა დამთავრებული ობიექტი მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში.
„აგრეთვე სამშენებლო ამნისტიის პროექტის ფარგლებში, სულ შემოსულია 1859 განაცხადი, 2022-2024 წლებში 845 ობიექტი მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში, შუალედური პასუხი გაეგზავნა 729 სამშენებლო ობიექტს. პროექტის ფარგლებში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შედეგად, უკვე 30000-ზე მეტ ოჯახს მიეცა შესაძლებლობა ჰქონდეს უფლებრივად უნაკლო უძრავი ქონება, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს მიეცათ შესაძლებლობა შექმნან ამხანაგობები და ისარგებლონ მუნიციპალური სერვისებით,“- აღნიშნულია ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.